პაატა ბურჭულაძე მაშანტაჟებდა, რომ თუ „გირჩი“ ვერ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოძიებას, ამ შემთხვევაში „გირჩის“ წევრები ამოღებული იქნებოდნენ პარტიული და ბლოკის სიიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა.
მისი თქმით, პაატა ბურჭულაძის ბრალდება, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ქართული ოცნების“ მხრიდან ფინანსდება, უსაფუძვლოა. ჯაფარიძის განცხადებით, პაატა ბურჭულაძესთან პირველი პრობლემა სიის შედგენის დროს გაჩნდა.
„პირველი პრობლემა გაჩნდა სიის შედგენის დროს. კონკრეტულად, იაგო ხვიჩიასთან მიმართებაში, როდესაც მისი „ფეისბუქსტატუსები“ დაუდეს პაატა ბურჭულაძეს. თუმცა, მაშინ ამ პრობლემის მოგვარება შევძელით. დღეს პაატა ბურჭულაძემ მითხრა, რომ სურდა „გირჩის“ წევრების სიიდან ამოღება. ჩემზე არ იყო საუბარი. მან მითხრა, რომ მე ვიქნებოდი სიაში და შევიდოდი პარლამენტში. ეს ადამიანი მე მაშანტაჟებდა, რომ თუ „გირჩი“ ვერ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოძიებას, იმ შემთხვევაში „გირჩის“ წევრები ამოღებული იქნებოდნენ პარტიული თუ ბლოკის სიიდან. რა თქმა უნდა, მე განვუცხადე უარი, ეს იყო შანტაჟი, მას თანხა არა ბლოკისთვის, არამედ პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
პაატა ბურჭულაძის მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის“ „გირჩმა“ დღეს დატოვა. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ხვალ საღამოს 18:00 საათზე გადის ბოლო ვადა, როდესაც კანდიდატებს შეუძლიათ ოფიციალურად მოხსნან საკუთარი კანდიდატურა მაჟორიტარობიდან ან პარტიული სიიდან. ახალი პოლიტიკური ცენტრის განცხადებით, ისინი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. თუმცა პოლიტიკურ საქმიანობას პარტია აქტიურად გააგრძელებს.