მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დემონსტრაციულად ახდენს „კოვიდის“ საფრთხის იგნორირებას. ზოგიერთისთვის ეს თავის მოწონების საშუალებაც კი გახდა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის საფრთხის იგნორირიება ძალიან დიდი შეცდომაა.
„მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ძირითადად ახალგაზრდები დემონსტრაციულად ახდენენ „კოვიდის“ საფრთხის იგნორირებას. ზოგიერთისთვის ეს ერთგვარი თავის მოწონების და თვითდამკვიდრების საშუალებაც კი გახდა. სამწუხაროდ, იცით, ძალიან ცნობილმა პოლიტიკოსმა ტელეეთერში პირდაპირ მოუწოდა მოსახლეობას, რომ „კოვიდი“ არაფერი არ არის, თავად გადავიტანე რამდენიმე დღის წინ, საერთოდ არ მიგრძნია, ეს არაფერი არ არისო.
ადამიანებს, რომლებიც შეგნებულად, გააზრებულად თუ გაუაზრებლად ახდენთ „კოვიდის“ საფრთხის იგნორირებას, მოგიწოდებთ, ეს ძალიან დიდი შეცდომაა.
ეს მარტო საქართველოში არ მომხდარა, ეს იყო აშშ-ში, როცა ტრამპი აცხადებდა, რომ ამერიკა „კოვიდზე“ ძლიერია, ჩვენს ქვეყანას არ დავაჩაგრინებთ „კოვიდს“ და თქვენ სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრეთ. შედეგი – ამერიკა ლიდერობს როგორც ავადმყოფების, ისე გარდაცვლილების რაოდენობით და კიდევ ერთი შედეგი – ტრამპი აღარ აირჩიეს და აირჩიეს ბაიდენი, რომელიც მკაცრი ზომების მომხრეა. ნუ გავხდებით იმის მიმდევრები, რომ „კოვიდის“ არ გვეშინია. გთხოვთ, ეს ძალიან მძიმე შეცდომაა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე განცხადებით, არაერთი ადამიანი, რომელიც თავდაპირველად ამბობდა, რომ „კოვიდ-19“-ის არ ეშინია, დაინფიცირების შემდეგ სხვაგვარად ალაპარაკდა.
ამასთან, ცერცვაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გაუფრთხილებლობით მოქალაქეებმა შესაძლოა ოჯახის ხანდაზმული წევრები დააინფიცირონ, რომლებიც ვირუსს მარტივად ვერ გადაიტანენ.

