სამგორის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი შიხიაშვილმა „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე ისაუბრა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის” წევრები მიხეილ სააკაშვილს რევოლუციის სცენარზე ესაუბრებიან.
შიხიაშვილის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი მსგავს რამეს გაბედავს, ეს მისთვის ძალიან ცუდად დამთავრდება.
„რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის” წევრი კადაფიზაციით ემუქრება საქართველოს. მისმა ოდესაში გაქცეულმა ლიდერმა როგორც დიდგორზე ჩაატარა პარტიის ყრილობა, ისეთივე წარმატებით მოახერხებს კადაფიზაციას. თუ ის რამეს გაბედავს, კადაფის ბედი მისთვის მონაგონი იქნება.
მინდა, საზოგადოებამ სწორად გაიგოს ერთი რამ – ქვეყანა აღარ უნდა მიდიოდეს დაპირისპირების რეჟიმში. მიხეილ სააკაშვილი ვერ ინელებს, რომ მან დაკარგა ხელისუფლება და მუდმივად ცდილობს, როგორმე რევანში აიღოს ქართველ საზოგადოებაზე, რასაც ვერ მოახერხებს. ქართველი საზოგადოება არ დაუშვებს დესტაბილიზაციას ქვეყანაში”, – აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.