სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ირაკლი შიხიაშვილმა „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სამგორის რაიონში „ნაციონალური მოძრაობა” 120-მა წევრმა დატოვა და საკრებულოში ყოფნის დრო გაიხსენა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა” პარტიიდან წასულ ყოფილ წევრებს შეურაცხყოფას აყენებდა და დასცინოდა.
ირაკლი შიხიაშვილმა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც „ნაციონალური მოძრაობა” დატოვა, პატივისცემა გამოხატა და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფოებრივად სწორად მოაზროვნე ადამიანების გადადგმული ნაბიჯი იყო.
„მე, ირაკლი შიხიაშვილი, რომელმაც თვითმმართველობის დროს საკრებულოში დაამთავრა „ნაციონალური მოძრაობის” პარპაში, იმასვე ვაპირებ პარლამენტში და ამას დავიწყებ სამგორის რაიონიდან.
ყველასათვის გასაოცარია და მათ შორის ჩემთვისაც, რომ სწორედ ჩემს ოლქში ორი დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის” 120-მა წევრმა დატოვა პარტია.
მინდა, პატივისცემა გამოვხატო ამ ადამიანების მიმართ, მორალურად მხარი დავუჭირო და ვაცხადებ, რომ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი ნამდვილად რთული იყო, რადგან მე კარგად ვხედავდი, რა ხდებოდა საკრებულოში, როცა „ნაციონალური მოძრაობის” რიგებს ტოვებდნენ – მათ ძალიან ბევრი დაცინვის და შეურაცხყოფის გადატანა უწევდათ. ამ ადამიანებმა გაბედეს და გადადგეს გაბედული ნაბიჯი, ყველა ამ ადამიანს პატივს ვცემ და ვუსურვებ წარმატებას. ისინი არ ემსახურებიან სექტას. ეს იყო სახელმწიფოებრივად სწორად მოაზროვნე ადამიანების გადადგმული ნაბიჯი.
თუ ჩვენ გვინდა, ნორმალური საზოგადოება გვქონდეს და ნორმალური სახელმწიფოს შენება დავიწყოთ, ჩემი აზრით, საზოგადოებამ ორი რამ უნდა გააკეთოს – მტვერი წააყაროს „ნაციონალურ მოძრაობას” და მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას”, რადგან მისი ლიდერი არის ბიძინა ივანიშვილი.
დღეს ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, კონსოლიდირება გაუკეთოს საზოგადოებას.
დამოუკიდებელად კანდიდატად იმიტომ ვიყრი კენჭს, რომ საზოგადოებას იცოდეს – მე არ ვიყენებ არავის რესურსს. მინდა, დაინახოს ყველამ, რომ დღეს არჩევნები თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს და დამოუკიდებელი კანდიდატი დღეს რეალურად უნარიანია”,-აღნიშნა შიხიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამგორის რაიონული ორგანიზაცია დაიშალა.
პარტიის რაიონული ორგანიზაცია 120- მა ადამიანმა, მათ შორის ხელმძღვანელობამ დატოვა. როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ, მათ მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული აუდიოჩანაწერი გახდა, რომელშიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.