რეჟისორი გოგა ხაინდრავა „რეპორტიორთან” სანდრა რულოვსის კანდიდატურაზე ზუგდიდში და მის შანსებზე საუბრობს. ხაინდრავას თქმით, არანაირი ალბათობა არ არსებოს იმისა, რომ სანდრა რულოვსი ზუგდიდში ხმებს აიღებს.
„ფერიასავით რომ მოგვევლინა ეს ბოროტების განსახიერება, რა უნდა, რამ მოიყვანა სანდრა რულოვსი საქართველოში. მისი ქმარი უკრაინის მოქალაქეა, თვითონ – ჰოლანდიის მოქალაქე. რა უნდა, რა არ ასვენებს, რა სამეგრელოს სიყვარული აუტყდა. ერთი გაიხსენოს, თავის წიგნში „იდეალისტის ნაამბობი” რას წერს სამეგრელოზე. გაიხსენოს, რას წერს სამეგრელოს სათაყვანებელ პოლიტიკურ გმირზე, ზვიად გამსახურდიაზე. ჩაიხედონ მეგრელებმა, რომ დასდევენ კუდში ამ უამრავი ბოროტების აგენტს. თვალებში ჩახედა თავის ქმარს და თქვა, რომ ხელკეტებით აღარ აწამებენ ქართველებს ციხეებში. მე ვფიქრობ, აქ კითხვები არ არსებობს, კითხვები მხოლოდ საზოგადოებასთან არის.
ნორმალურ საზოგადოებაში და იმ სამეგრელოში, რომელსაც მეც წარმოვადგენ, არცერთი ხმის მოპოვების შანსი არ აქვს. სამეგრელოში, რომელიც თავის ისტორიას პატივს სცემს, რომელიც ცოტნე დადიანის სამშობლოა და ასე ვთქვათ, ქართული სახელმწიფოს ბურჯობა იტვირთა თავის დროზე და საუკუნეების მანძილზე გაიტანა, როგორ შეიძლება, რომ გარეწარს ვინმემ ხმა მისცეს?! მაგრამ იმ სამეგრელოში, რომელიც სააკაშვილმა ჩამოაყალიბა და რომელსაც სანდრა რულოვსი აბოლებს ახლა, ცხვრებივით რომ დასდევენ „მეე”-ს ყვირილით, იმ სამეგრელოში არ ვიცი, რა იქნება”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.