მომღერალი მანანა თოდაძე ჟურნალ “სარკესთან” პირად საკითხებზე საუბრობს.
– შესანიშნავად გამოიყურებით. ჩვენს მკითხველსაც გაუზიარეთ თქვენი ახალგაზრდობის საიდუმლო.
– აბაზანაში სულ მაქვს ქილა, სადაც ინახება მჭადის ფქვილი სოდით და მარილით. ეს არის ერთგვარი სკრაბი, რომლითაც კანს ვისუფთავებ. აბაზანის მიღების შემდეგ კი აუცილებლად ვივლებ ცივ შხაპს. გასუფთავებულ სახეზე ვისვამ მკვებავ კრემს. არ მიყვარს ძვირადღირებული, ქიმიური კოსმეტიკური მალამოები. ჩემი მეგობარი ამზადებს მკვებავ მალამოს ბუნებრივ კომპონენტებზე და მთელი ცხოვრება იმას ვხმარობ. გენეტიკაც მეხმარება.
წონას რაც შეეხება, ვაკონტროლებ ჩემს თავს. ყველაფერი ტვინიდან მოდის. თუ დაარწმუნებ თავს, რომ არ შეიძლება ყველაფრის ჭამა, შენი გონებაც დაემორჩილება და ხელს შეგიწყობს. ძალიან კარგი დიასახლისი ვარ, მიყვარს კეთება. კვირა არ გავა, ჩემი მეგობრები არ მოვიწვიო რაიმე გემრიელობებზე. ზოგჯერ მთელი სუფრა ისე ჩაივლის, ლუკმას არ შევჭამ. ვიცი, არ უნდა მივიღო ტკბილეული, ცომეული და ასეც ვიქცევი.
– რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც ახლა უხდებათ ცხოვრების სიძნელეებთან ჭიდილი?
– ჩემო ძვირფასებო, თქვენ, ვისაც სოფელში გაქვთ მშვენიერი სახლ-კარი და მიწა, გამოერიდეთ მას და თბილისში ხელზე ვაჭრობით ან რაიმე წვრილმანი საქმით ირჩენთ თავს, ცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში, ნუთუ არ გირჩევნიათ, დაუბრუნდეთ მშობლიურ მიწას, რომელიც ღმერთმა გაჩუქათ სარჩოს მოსაპოვებლად, დაამუშაოთ, მოიწიოთ მოსავალი, საკუთარი ოჯახიც არჩინოთ და ქვეყანაც გააძლიეროთ?! ხომ იცით, ქვეყანა მყარად მაშინ დგას ფეხზე, როცა სოფელი ღონიერია.