რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს და პლებისციტს, ეს იდეა თავიდანვე არ მოგვწონდა, მაგრამ რაკი ამ საკითხზე იყო ერთსულოვნება, ეს ჩაიწერა ჩვენს წინადადებაში. ეს პროცესი გაგრძელდა ისე, რომ რაზეც შეიძლება შევთანხმდეთ, ამ ყველაფრის აყირავებას და ჩაშლას ცდილობს „ევროპული საქართველო“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მე და ალეკო რომ შევიდეთ პარლამენტში, ეს ჩაითვლება ოპოზიციის შესვლად? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა დავკარგოთ ის, რაზეც შეთანხმებაა შესაძლებელი. ოპოზიციის ერთიანობა არ ეხება ყველა საკითხს და ეს არაერთხელ გამოჩნდა. ერთი პოლიტიკოსი და მისი პარტია ცდილობს, ეს პროცესი შეიყვანოს ჩიხში. ყველა დანარჩენ პარტიას სათითაოდ ვესაუბრე და ყველას უნდა, რომ დიალოგიდან გამოვიტანოთ შედეგი, მაგრამ ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ასე არ მოხდეს. ერთმა კაცმა, გიგა ბოკერიამ მძევლად აიყვანა სრული „ნაცმოძრაობა“. არის ამ პარტიაში ხალხი, რომელიც აბსოლუტურად სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ ვერ ამბობენ, რომ საარჩევნო სისტემა, რომელზეც ვთანხმდებით, ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. ყველაფერს ერთბაშად ჩვენ ხელისუფლებას ვერ გამოვგლეჯთ და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაკეთოთ ეს – ვისაც სჯერა ამ ტაქტიკის, გამოვიდეს და საჯაროდ ისაუბროს ამაზე. ვიცი ამ ადამიანების აზრი და ისინი ოპოზიციაში უმრავლესობას წარმოადგენენ. ვადამდელ არჩევნებს აქვს აზრი მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ჩატარდა უკეთესი საარჩევნო სისტემით. თუ ხელისუფლება არ იძლევა ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ იძლევა უკეთეს საარჩევნო სისტემას, ამ შემთხვევაში, ამ მოლაპარაკებებს ჩვენთვის აქვს აზრი და ასე ფიქრობენ სხვა ოპოზიციური ძალებიც. ორ ადამიანს, უგულავას და ბოკერიას, არ სურთ, რომ ეს მოხდეს, ვინაიდან მათ ვერ მიიღეს მანდატები. დათო ბაქრაძე ესწრება მოლაპარაკებებს და კარგად ვიცით, რა პოზიცია აქვს მას – სრულიად სამარცხვინო და არასახელმწიფოებრივი. მორჩება მოლაპარაკებები და ყველაფერს მოგიყვებით, ვის რა პოზიცია ჰქონდა. ჩვენი მთავარი ოპონენტი ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც არის ის, ვინც ამ პროცესის ჩაშლას შეეცდება. მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დააფიქსირეთ თქვენი პოზიციები და ნუ იქნებით ერთი ადამიანს ტყვეობაში, ნუ დადიხართ გიგა ბოკერიას ჭკუაზე“, – განაცხადა იოსელიანმა.