პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებების დრამატიზებით, შესაძლოა, „რესპუბლიკელები“ სპეცოპერაციის ჩატარებას აპირებენ.
როგორც ხუხაშვილმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განაცხადა, ამ სპეცოპერაციას კარის გაჯახუნება ჰქვია და შესაძლოა, ისინი იმის გამეორებას აპირებენ, რაც 2014 წელს გააკეთა ირაკლი ალასანიამ „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად.
„თუმცა, კარის გაჯახუნებას ისინი ძალიან უხარისხოდ ცდილობენ. მათი ქმედებები ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. დაბნეულები არიან და უკვე თავადაც აღარ იციან, რა უნდათ ამ ცხოვრებისგან.
ძალიან მიჭირს მათი ქმედებები შევაფასო. საქციელწამხდარი ბავშვებივით იქცევიან. როგორ შეიძლება სხვა პარტიას მიუთითო ვიღაცის გაშვებისკენ. მით უმეტეს მაშინ, როცა იმედი არ გაქვს, რომ სამომავლოდ მასთან პოლიტიკურ პარტნიორობას გააგრძელებენ.
ცდილობენ, თავი ყველაზე კორექტულ ძალად წარმოაჩინონ, ამ დროს ყველაზე არაადეკვატურად გამოიყურებიან, რაც მათ ისედაც ბუნდოვან პერსპექტივას კიდევ უფრო ამძიმებს“ – აცხადებს ხუხაშვილი.