მინდა, კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან მადლიერებით მივმართო და მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს იმ დახმარებისთვის, რომელსაც ამერიკის მთავრობა უწევს ქართულ ჯარს. ეს დახმარება წლიდან წლამდე იზრდება. წელს ეს თანხა შეადგენდა 35 მილიონ დოლარს, ეს იყო რეკორდული დახმარება, რომელიც გრანტის სახით მივიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აშშ-საქართველოს ერთობლივ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე (GDRP), რომელიც წარმატებით ხორციელდება.
„მქონდა პატივი, გამეგრძელებინა ეს ხელშეკრულება, გამეფორმებინა სამწლიანი ხელშეკრულება გასული წლის ნოემბრის თვეში, როდესაც აშშ-ში ვიმყოფებოდი. ჩარჩო-ხელშეკრულება მოიცავს რეალურად ჩვენი თავდაცვის ძალებისა და ბატალიონების გადამზადებას, რაც, რა თქმა უნდა, არის წარმატების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი“, – განაცხადა მან.
ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-სთან ურთიერთობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, რომ SNGP-ის განახლებული პაკეტი, რომელიც ახლა დეკემბრის თვეში დამტკიცდა, წარმატებით ხორციელდება. მისი საბოლოო მიზანია, თავდაცვის ძალები გახდეს კიდევ უფრო ქმედითი, კიდევ უფრო მდგრადი და ძლიერი. რაც მთავარია, ჩვენი ქართული ჯარი გახდეს კიდევ უფრო მეტად თავსებადი ნატოსთან. SNGP-ის ფარგლებში ჩამოყალიბებული წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას. მინდა, გითხრათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ სისტემატურად ვცვლით ინფორმაციებს როგორც ნატო-ს ქვეყნებთან, ბრიუსელის შტაბბინასთან, ასევე ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ პანდემიის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ამ წვრთნებს და გვაქვს ინტენსიური გაცვლა“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.