საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყებაში გატარებული რეფორმების შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა და 2020 წლის საქმიანობა შეაჯამა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართული სახელმწიფოს ეროვნული ამოცანა თავდაცვის ძალების აღმშენებლობა და გაძლიერებაა.
თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდის, ასევე სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებაზე, რომელიც წოდების მიხედვით 100-დან 500 ლარით განისაზღვრა; საბინაო პოლიტიკაზე, რომლის ფარგლებში მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის – Army City“ მშენებლობა დაიწყო და სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ; ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის ეკიპირებაზე, კვებითი რაციონის გაუმჯობესებაზე – ჯარი კვების ახალ სტანდარტზეა გადასული, რაც საკვების რაოდენობის და ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ნიშნავს,ქართული ჯარი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, სრულად მარაგდება ქართული, გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით; სადაზღვევო პაკეტისა და სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებასა და განათლების კუთხით განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე – სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის – 2250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ დაენიშნებათ.