ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა შობის დღესასწაული აღნიშნეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, საზეიმო წირვა-ლოცვა ქვედანაყოფის კაპელანმა, მამა იოანე გელაშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მოწყობილ სალოცავში აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა.
მათივე ცნობით, საზეიმო წირვა-ლოცვას საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ავთანდილ იოსელიანი, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმერ ნათენაძე, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და სხვადასხვა ეროვნების მართლმადიდებელი სამხედრო და სამოქალაქო პირები დაესწრნენ.
კომენტარები