ერთ-ერთი საკითხი იყო კოვიდ გამოწვევები და ამასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს მთავრობა, როგორ იხსნება ბიზნესები დღეს და მომავალში, პერსპექტივაში, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ვახტანგ ბუცხრიკიძემ ისაუბრა იმ 2 ძირითად საკითხზე, რაზეც შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება.
„პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, თუ რა მაჩვენებლებზე არის დამოკიდებული და როგორ შეიძლება, თანდათანობით, გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულში, მთლიანი ბიზნესი გაიხსნას. მეორე საკითხი უფრო ეხებოდა საშუალოვადიან განვითარებას, ბიზნესი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს და ეკონომიკა უფრო მოძლიერდეს, რა სტრუქტურული რეფორმები უნდა გატარდეს, პრივატიზაცია კიდევ უფრო გაიზარდოს და რა ფუნდამენტალური ცვლილებები არის ეკონომიკაში საჭირო. საუბარი იყო, რომ პრემიერ-მინისტრი მზად არის, 24 საათიან რეჟიმში შეხვდეს ბიზნესმენებს. ითქვა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრა და ფაქტიურად, ყოველთვიურ რეჟიმში მოხდება ბიზნესებთან შეხვედრა.
შეხვედრაზე სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც პრაქტიკულ კითხვებს სვამდნენ, რომელ საათიდან რომელ საათამდე შეიძლება ემუშავათ, რამდენად შესაძლებელია, რომ შაბათ-კვირას დაიწყონ მუშაობა. პრემიერ-მინისტრმა ჩაინიშნა კითხვები და მოწოდება იყო, რომ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები გაიცემა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განათლება არის პრიორიტეტული და განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, შემდეგ სავაჭრო სფერო, რესტორნები და ა.შ.“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.