დღეიდან ისევ ისეთი შემართებითა და სტანდარტებით შევუდექით მუშაობას საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მიმართებით და ვახორციელებთ კონტროლს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
„იმედს ვიტოვებ, რომ ადამიანები კიდევ უფრო მეტი გაგებით ეკიდებიან პირბადის ტარების აუცილებლობას და მეტად გაუფრთხილდებიან ერთმანეთის ჯანმრთელობას და ნაკლებად მოგვიწევს იძულებითი ღონისძიებების გატარება. ყოველ შემთხვევაში რა ტენდენცია წამოვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში წესების დაცვასთან დაკავშირებით ეს დღეს საღამოს გვეცოდინება და ამის შემდეგ დავგეგმავთ ღონისძიებებს“, – აღნიშნა ხმალაძემ.
ამასთან ხმალაძემ განმარტა, რომ ავტობუსის ხაზში მოძრაობა დარეგულირებულია. „ავტობუსის ზოლში ავტობუსი და მიკროავტობუსი გადაადგილდება და იქ, კერძო სატრანსპორტო საშუალებას უკვე აღარ აქვს მოძრაობის უფლება. თუ ავტობუსის ზოლში გადავა, ავტომატურად გამოიწერება ჯარიმა“, – აღნიშნა ხმალაძემ.
მისი თქმით, ასევე აქტიურად ჩაერთო თბილისის სატრანსპორტო კომპანია თვითნებური პარკირების აღკვეთის საკითხში.
„მოვახდინეთ დარღვევების პრევენცია და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება. დღითიდღე უმჯობესდება ვითარება და ჩვენც გავამკაცრებთ კონტროლს თვითნებურ პარკირებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ხმალაძემ.