საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოზურგეთის სრულად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა და მის ტერიტორიაზე არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის შენობა დაათვალიერა, რომლის მშენებლობაც ცოტა ხნის წინ დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა 1 000 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის ორი შენობა, შესაბამისად, დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ცალ-ცალკე შენობებში განთავსდებიან. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებულ შენობაში, სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები მოეწყო.
რაც შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრს, ერთსართულიან შენობაში ოთახები პანორამული ხედებითაა განლაგებული. შენობა მოიცავს საკონფერენციო დარბაზს, როგორც დახურულ, ისე ღია სამუშაო სივრცეს, სასწავლო და კომპიუტერის ოთახებს, ტექნიკურ ოთახებს, მინი ფაბრიკის ლაბორატორიას და გამწვანებულ შიდა ეზოს. ინოვაციური ცენტრის ტერიტორიაზე ეწყობა სპორტული მოედანი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სკოლის ტერიტორიაზე ინოვაციების ცენტრის ამოქმედება ადგილობრივ ახალგაზრდებს სწავლასთან ერთად, თავისუფალი დროის გონივრულად გამოყენების და თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლების საშუალებას მისცემს.
სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრისას, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მნიშვნელობას, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების ჯანმრთელობა. ამ მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე, 2 კვირაში ერთხელ, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის სულ მცირე 20%-ს სავალდებულო ტესტირება უტარდება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვა და, ამავდროულად, მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
განათლების სფერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. ბოლო ორი წლის განმავლობაში გურიაში აშენდა 3 ახალი საჯარო სკოლა, მათ შორის 1 ლანჩხუთში, 2 ჩოხატაურში. მიმდინარეობს 4 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 16 საჯარო სკოლას, მიმდინარეობს 9 სკოლის შენობის რეაბილიტაცია.