ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს გააკეთოს განცხადება, იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე წლის 12 თებერვალს, შემოსავლების სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა და რომლის შედეგადაც, უწყების თანამშრომელმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები.
„აღვნიშნავთ, რომ ინციდენტის დროს დაზარალებული შემოსავლების სამსახურის მოქმედი თანამშრომელია, ხოლო პირი, რომელმაც განახორციელა ფიზიკური ანგარიშსწორება, უწყების ყოფილი თანამშრომელია.
მას პირადი განცხადების საფუძველზე, დატოვებული ჰქონდა შემოსავლების სამსახური. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი პირადი უთანხმოება გახდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გმობს მომხდარ ფაქტს. უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება. მოვუწოდებთ ყველა მედია საშუალებას, არ დაუშვან პირადი ინფორმაციის შემცველი კადრების გასაჯაროება და თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც არის მიზანმიმართული თავდასხმა უწყებაზე და ემსახურება სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას და ღირსების შელახვას“, – აღნიშნულია განცხადებაში.