“ბატონმა ვახტანგ კალოიანმა ა.წ. 12 თებერვალს გამოაქვეყნა ფეისბუქ პოსტი ცინიკური სათაურით „COVID-19-ის მართვის ქართული თავისებურებები“, სადაც წერს, რომ „სახელმწიფო ფულით, შემოვიტანეთ ყველაზე საკამათო (რბილად რომ ვთქვათ) ანტივირუსული პრეპარატი. არ შემოგვაქვს დადასტურებული ეფექტურობის ანტიბიოტიკები და ასევე ახლა უკვე დადასტურებული ეფექტურობის ტოცილიზუმაბი”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე წერს.
მისი თქმით, კალოიანს ვერაფრით მოუნელებია ის, რომ ქვეყანა მის გარეშეც უდიდესი წარმატებით უმკლავდება COVID-19-ის პანდემიას.
“ბ-ნ კალოიანს მთელი პანდემიის მანძილზე თითიც კი არ გაუნძრევია, აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებია COVID-19-ს პანდემიასთან საბრძოლველად და ავადმყოფების დასახმარებლად. მას ვერაფრით მოუნელებია ის, რომ ქვეყანა მის გარეშეც უდიდესი წარმატებით უმკლავდება COVID-19-ის პანდემიას და მუდმივად ცდილობს რაღაც საზიზღრობა თქვას და ხალხი დაზაფროს. ყოველდღიური ბოღმა, ღვარძლი და ქილიკი მისი სავიზიტო ბარათი გახდა, მაგრამ რაც მან ახლა დაწერა, ეს უკვე მისნაირი „ჰეითერისთვისაც“ კი მეტისმეტია.
ჯერ ერთი – რემდესივირი ყველაზე საკამათო ანტივირუსული პრეპარატი კი არ არის, არამედ ამერიკის FDA-ისა და მსოფლიოს ყველა წამყვანი გაიდლაინის მიერ რეკომენდებული და მთელ მსოფლიში ძალიან ფართოდ გამოყენებული სადღეისოდ ერთადერთი პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტია, რომელიც უკვე 2 თვეა საქართველოშიც ძალიან დიდი წარმატებით გამოიყენება.
მეორეც – ბ-ნმა კალოიანმა ისიც კი არ იცის, რომ ტოცილიზუმაბი ქვეყანაში დიდი ხანია ხელმისაწვდომია და გამოიყენება და მის ფართოდ გამოყენებას აქამდე სწორედ ბ-ნი კალოიანი და მისი თანამოაზრეები „ქართველი ექიმების საერთაშორისო ასოციაციიდან“ ეწინააღმდეგებოდნენ.
ტოცილიზუმაბის მაღალი (სიცოცხლის გადამრჩენი) ეფექტიანობის თაობაზე კვლევის შედეგები პირველად ა.წ. 7 იანვარს და 11 თებერვალს გამოქვეყნდა, მაგრამ ჩვენს მას უკვე ერთ წელია, დიდი წარმატებით ვიყენებთ, კერძოდ: ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ტოცილიზუმაბის ეფექტიანობის ძალიან ცოტას სჯეროდა, ჩვენ იმ დროისთვის არსებული მწირი მონაცემების ანალიზით და ტოცილიზუმაბის მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს მედიკამენტი შეიძლება ფასდაუდებელი ყოფილიყო ე.წ. ციტოკინური შტორმის სამკურნალოდ, რაც COVID-19-ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და სასიკვდილო გართულებაა. უფრო მეტიც, ჩვენ ის პირველად წარმატებით 2020 წლის მარტში გამოვიყენეთ და ამის შემდეგ ამ მედიკამენტით არაერთი უმძიმესი და სასიკვდილოდ განწირული ავადმყოფი გადავარჩინეთ. ამას საქართველოს ტელევიზიის პირველმა არხმა მოკლემეტრაჟიანი ფილმიც კი მიუძღვნა. ტოცილიზუმაბი ჯერ კიდევ 2020 წლის მარტსა და ივლისში ჩვენს პირველ და მეორე გაიდლაინებშიც იყო შეტანილი და სწორედ ჩვენი ოპონენტები – იგივე ბ-ნი კალოაინი და განსაკუთრებით ბ-ნი გიორგი კანდელაკი მუდმივად და მწვავედ გვაკრიტიკებდნენ ამისთვის და ამტკიცებდნენ, რომ „ჩვენ ავადმყოფებზე ექსპერიმენტებს ვატარებთ“?! და რომ თითქოს არცერთი სერიოზული კვლევით არ დასტურდებოდა ამ მედიკამენტის ეფექტიანობა. ბ-ნმა კალოიანმა „შარლატანებიც“ კი გვიწოდა. არ ვაჭარბებ, სწორედ „შარლატანები“ გვიწოდა, რისთვისაც მას მკაცრი პასუხისგება მოუწევს. ახლა კი როცა ტოცილიზუმაბზე კვლევის დადებითი შედეგები დაიდო, ბ-ნ კალოიანს ყოფნის თავხედობა, რომ აქეთ დაგვდოს ბრალი იმაში, რომ ჩვენ ტოცილიზუმაბი არ შემოგვაქვს?! არადა, ეს კიდევ ერთი დიდი, ამჯერად ძალიან დიდი ტყუილია. საქართველოში ამჟამად 70 COVID-19-ით ავადმყოფისთვის საკმარისი ტოცილიზუმაბის მარაგია.
იგივე ბ-ნი კალოიანი „TV-1”-ის ა.წ. 8 თებერვლის გადაცემა „პირველებში“ ამტკიცებდა, რომ პანდემიის პიკის დროს ქვეყანას ჟანგბადის საკმარისი მარაგი არ ჰქონდა?! კიდევ ერთი დიდი ტყუილი. არცერთხელ არცერთი COVID-19-თ ავადმყოფი საქართველოში არ დაზარალებულა ჟანგბადის ან სუნთქვის აპარატების არასაკმარისი რაოდენობის გამო. ეს მით უფრო დასაფასებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ ახლახანს ამერიკის და ინგლისის ოფიციალური სტრუქტურების მიერ გაცემული იყო განკარგულება, რომ ამ ქვეყნებში ჟანგბადის არასაკმარისი რაოდენობის გამო?! ქ. ლოს ანჯელესსა და ქ. ლონდონში ჟანგბადი მიეწოდებინათ მხოლოდ იმ პაციენტებისათვის, ვისი ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე დაბალია?! ასეთი რამ ხომ საქართველოში არასოდროს მომხდარა, ამას დაფასება სჭირდება და არა ბ-ნი კალოიანის ღვარძლი და ქილიკი.
(https://www.latimes.com/california/story/2021-01-05/short-on-equipment-ambulances-los-angeles-medical-systems-hit-dire-crisis-point;
https://www.businessinsider.com/covid-uk-hospitals-nhs-collapsei-doctors-nurses-2021-1).
აი, ასეთია ბ-ნი კალოიანის და სხვა მისი თანამოაზრეების მორალი და პროფესიონალიზმი და ისინი ყველაფერს კადრულობენ, რის გამოც ეს ადამიანები საზოგადოებისთვის საშიში არიან.
რა ვქნათ, „ენას ძვალი არა აქვს“ და ლაპარაკს ვერავის აუკრძალავ. უბრალოდ, ალბათ, საზოგადოებამ უნდა ისწავლოს გარჩევა, თუ ვის შეიძლება დაუჯერო და ვის არა. ისე, ნიშანდობლივია, რომ ბ-ნი კალოიანი თავის მშობლიურ ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად იყრიდა კენჭს და სულ ხმების 3% მიიღო (ახლა, ალბათ, ამდენსაც ვერ მიიღებს), როგორც ჩანს, საზოგადოებას უკვე აღარ ეშლება, თუ ვინ ვინ არის.
სამწუხაროა, რომ ერთ დროს ნორმალური ექიმი და რენიმატოლოგი ბ-ნი კალოიანი ასეთ დონეზე დაეშვა”, – წერს ცერცვაძე.