ჩვენ ველოდებით ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებს, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით, „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს საქართველომ გასცა ძალიან მნიშვენლოვან კითხვას კიდევ ერთხელ პასუხი – არის თუ არა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ღირსება და რა თქმა უნდა, ეს ასეა.
„საქართველო, გილოცავ დიდ გამრჯვებას. ჩემო მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს, თითოეული ჩვენგანის. ეს გამარჯვება არის დიდი ბრძოლით მოპოვებული. გილოცავთ. დიდი მადლობა. დღეს საქართველომ გასცა ძალიან მნიშვენლოვან კითხვას კიდევ ერთხელ პასუხი – არის თუ არა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ღირსება. რა თქმა უნდა, ეს ასეა. ყველა წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს მნიშვნელოვანი უპირატესობით, ეს არის უდიდესი გამარჯვება. მინდა მოგილოცოთ ყველა თქვენგანს და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოთქვა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა საქართველოს ცხოვრებაში. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მონაცემებს ცესკო-ს, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით, „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვებულია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ ჩვენ ვართ ძალიან საამაყო ქვეყანა და ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან საამაყო მომავალი.