პირობას გაძლევთ, სანამ ჩვენი ცხოვრების ბოლო სანთელი ჩაქრება, ვიქნებით მუდამ ხალხის, სამშობლოს გვერდით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვება, არამედ „ეს არის ჩვენი თანამოაზრეების, იმ დემოკრატიული გზის გამარჯვება, რომელიც ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან ერთად 2012 წლის პირველ ოქტომბერს დავიწყეთ“.
„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გამარჯვება, ეს არის ჩვენი თანამოაზრეების, იმ დემოკრატიული გზის გამარჯვება, რომელიც ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან ერთად 2012 წლის პირველ ოქტომბერს დავიწყეთ. მინდა თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს გადავუხადო დიდი მადლობა, რადგან მათ დღეს დააფიქსირეს თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი, მიიღეს მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან არჩევნებში და შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი აგური დადეს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი თაობებისთვის. ჩვენ გვესმის თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და გაძლევთ პირობას, სანამ ჩვენი ცხოვრების ბოლო სანთელი ჩაქრება, ვიქნებით მუდამ ხალხის გვერდით. ვიქნებით სამშობლოს გვერდით და ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ხალხის ინტერესებს. როგორც ჩვენ – „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებს გვჩვევია – ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოს! საქართველოს გაუმარჯოს! ბიძინა ივანიშვილს გაუმარჯოს! გიორგი კვირიკაშვილს გაუმარჯოს!“, – განაცხადა კახა კალაძემ.