„ნაციონალური მოძრაობა“ აქცენტს აკეთებდა სანდრა რულოვსზე, რომელიც მათი სახე იყო. მათმა ბელადმა გამოაცხადა, რომ სანდრა რულოვსი მათი გონი, ღირსება და სინდისი იყო, მაგრამ მან ვერ გაიმარჯვა – ამის შესახებ პუბლიცისტმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
“ვერ გავიდა ასევე, მათი სახე და სიამაყე, წერეთელი; ვერ გავიდა ვერც რურუა, რაც მოსალოდნელიც იყო. მათმა სპეციფიკურმა, განსაკუთრებით, ბოლო კვირაში წარმართულმა საარჩევნო კამპანიამ გააკეთა ის, რომ ქვეყანაში ამომრჩეველი კიდევ უფრო შეშფოთდა, ამ მოძალადის შემაკავებელი ძალა „ქართულ ოცნებაში“ დაინახა და არჩევნებზე მოვიდა. ვფიქრობ, ამას გარკვეულწილად, შედარებით მცირერიცხოვანი პარტიების ინტერესები შეეწირა, თორემ არჩევნები რომ სხვა ვითარებში ჩატარებულიყო, 4-5 პარტიას ბარიერის გადალახვის შანსი ჰქონდა”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, მთელი საარჩევნო კამპანია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირების ფონზე წარიმართა, რადგან ნაციონალებმა რევანშის სტრატეგია აირჩიეს, რომ რევანშით ხელისუფლებას დაიბრუნებდნენ.
“ეს პარტია ძალადობასთან ძალიან ახლოა, რადგან ძალადობა მათი აზროვნების სტილია. ბოლოს გავრცელებულ ჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც კი არ მაინტერესებს, ერთ-ერთი ისევ ჯოხებით გაუპატიურებაზე საუბრობდა და თანამოსაუბრეები ამას არ აპროტესტებდნენ. ჩვენს წრეში, ჩვეულებრივი ადამიანები ასე არ საუბრობენ, ესენი კი, განუწყვეტლივ ძალადობასთან არიან. აი, ამ პარტიამ რომ ხელისუფლებაში დაბრუნება გადაწყვიტა, ამან მოსახლეობაზე ძალიან იმოქმედა და ხალხი არჩევნებზე ამიტომ მოვიდა”, – განაცხადა პუბლიცისტმა.
როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არა ოპოზიცია, არამედ მარგინალურ-რევანშისტული ძალაა.
“რასაც ვუყურებთ, აქედან ერთი რამ ჩანს, რომ რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიცია არ არის და მარგინალურ-რევანშისტული ძალაა. ისინი რეალობას იმდენად არარეალურად აღიქვამენ, რომ მათ არც შედეგების ციფრი ენდობათ და არც როგორც იტყვიან, ორი ბატი”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.