აშშ-ის მხარდაჭერის ფარგლებში, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებას ისახავს მიზნად, თბილისს ოფიციალური ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალი კავოლი ესტუმრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15-17 მარტს გენერალ კავოლის საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
ვიზიტის ფარგლებში გენერალმა კავოლიმ და მინისტრმა ბურჭულაძემ რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე, უსაფრთხოების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის ინიციატივებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებზე, მათ შორის 2021 წლის ზაფხულში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებაზე „მტკიცე სული“.
„გენერალმა კავოლიმ შეხვედრა გამართა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GRDP) წარმატებით განხორციელების საკითხზე ისაუბრეს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას. ყურადღება გამახვილდა GRDP-ის შემდგომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტებზეც. გენერალმა კავოლიმ დადებითად შეაფასა ქართულ-ამერიკულ სამხედრო ურთიერთობებში ქართული მხარის მზარდი ლიდერის როლი და გაზრდილი შესაძლებლობები.
ვიზიტის ფარგლებში გენერალი კავოლი ვაზიანშიც იმყოფებოდა, სადაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის კომპონენტის (GDRP-T) ფარგლებში ამერიკელი ინსტრუქტორები ქართულ მხარეს წვრთნის შესაძლებლობების განვითარებაში ეხმარებიან. საქართველოს თავდაცვის ძალები ინარჩუნებს მაღალი დონის მომზადებას საერთაშორისო მისიებისთვის და GDRP-T ხელს უწყობს საქართველოს ურთიერთთავსებადობის გაზრდას, ასევე აძლიერებს საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობებს. ამერიკელი და ქართველი სამხედროები მხარდამხარ ამაყად მსახურობენ ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთსა და მთელს მსოფლიოში“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.