ოპოზიციის ნაწილი საკუთარი განცხადებების მძევალია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ფოკუსირებას მხოლოდ პოლიტიკურ და ვიწროპარტიულ ინტერესებზე ახდენს.
„ბევრი მათგანი წააქეზეს, ზოგი ახლა ხვდება რაღაც-რაღაცებს, ზოგს უფრო მეტი მოლოდინები გაუჩინეს, ზოგი დააბულინგეს და ეს პოლარიზაციის შედეგია. სენატში საუბარი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე არ იყო. მთავარი თემა და ამოცანა, რაც არის ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არის ის რაზეც უნდა ველაპარაკოთ იმ სახელმწიფოს, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთა მიმართებაში ჩვენ გვაქვს ერთგული, ლოიალური, სტაბილური განვითარებადი დინამიკა ურთიერთობებისა და რომლებსაც კონკრეტული ინტერესი გააჩნიათ. მაგრამ აქ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ფოკუსირებას ახდენენ მხოლოდ პოლიტიკურ და ვიწროპარტიულ ინტერესებზე. არადა სენატში გზავნილები იყო უმნიშვნელოვანესი. არავის გახსენებია ოპოზიციის მხრიდან ამ თემებზე საუბარი.
ეს ქვეყანა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე ერთი კონკრეტული პარტია, ეს ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა უმნიშვნელოვანეს გეოსტრატეგიულ როლს ჩვენს რეგიონში და მომავალშიც გააგრძელებს ამის გაკეთებას და ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს გამოვიყვანოთ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.