“გიორგი ვაშაძის განცხადება ოპოზიციაში დაბნეულობა გამოიწვია. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის თქმით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როდის გაიმართება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი კი ამბობს, რომ ახალი შეხვედრის დანიშვნის შეთანხმებაზე მას ინფორმაცია არ აქვს. გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ხოლო შეხვედრაზე სასაუბრო თემა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებმადე მისასვლელი გზა იქნება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დაბნეულობა ოპოზიციაში – ვაშაძე მოლაპარაკების ახალ რაუნდს აანონსებს, თუმცა “ნაცმოძრაობაში” ამაზე არაფერი იციან.
“ვითარება არის ჩიხური, თუმცა მე გამოსავალს ვხედავ. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი შემდგომი მოლაპარაკებების რაუნდის დრო. ვფიქრობ, რომ არსებული შეთანხმების დოკუმენტში უნდა დავამატოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, ასევე რიგგარეშე არჩევნებმადე მისასვლელი გზა და ამით შეთანხმება მოხდეს. ეს გზა არსებობს”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.
“ნაციონალური მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ვაშიძის მიერ დაანონსებულ შეხვედრაზე არაფერი იციან. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მან არ იცის რატომ გააკეთა გიორგი ვაშაძემ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეუთახმებლად აღნიშნული განცხადება. “ჩემთვის არ არის ცნობილი რა შეხვედრაზე საუბრობს გიორგი ვაშაძე, ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, არ ვარ საქმის კურსში. რატომ აკეთებს ვაშაძე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეუთანხმებლად ასეთ განცხადებებს, არც ეს ვიცი”, – ამბობს სამადაშვილი. თავად ვაშაძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ განცხადება მოლაპარაკების გაგრძელების შესახებ დიპლომატიურ კორპუსთან კონსულტაციების საფუძველზე გააკეთა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“თუ შეთანხმება გაიმართება, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ალბათ. ჯერ დაზუსტებული არ არის შეხვედრის დეტალები. მე ვფიქრობ, თუ გაიმართება შემდგომი რაუნდი, წინასწარ მოსამზადებელი სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი. მე დიპლომატიურ კორპუსთან მაქვს გარკვეული სახის კომუნიკაცია ამ მიმართულებით და მათთან ერთად ვაპირებთ, რომ ჩამოვყალიბდეთ რა გზით განვაგრძობთ სვლას. უმძიმესი პოლიტიკური ვითარებაა და ევროპული მხარდაჭერის დაკარგვა ძალიან მძიმე დარტყმა იქნება საქართველოსთვის, განსაკუთრებით თუ ფინანსური სანქციები დაგვიწესეს. შესაბამისად, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას პირველ რიგში “ქართული ოცნების” და შემდგომ ოპოზიციის მხრიდანაც”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ვაშაძე.
“უახლოეს დღეებში მე მექნება ეს კომუნიკაციები და უფრო თვალსაჩინოდ დავინახავ გამოსავალს. რეალურად ვფიქრობ, რომ არსებობს გამოსავალი და შეთანხმების გარკვეული რესურსი დარჩენილია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საზოგადოების მოთხოვნაა, რომ გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიოთ”, – დასძენს ვაშაძე და შეკითხვაზე – “რამდენად ერთსულოვანია ოპოზიცია თავის მოთხოვნებში და რამდენად შესაძლებელია, რომ ზოგიერთი პარტია პარლამენტში შესვლას ვადამდელ არჩევნების საკითხში ხელისუფლების დათმობის გარეშეც დათანხმდეს?” – პასუხობს:
“ჩვენ შარლ მიშელის ვიზიტის დროს შევთანხმდით ერთგვარ ჩარჩოზე, რომელსაც ვერ გადავალთ, როგორც არ უნდა უნდოდეს ეს “ოცნებას”. ვნახოთ რა იქნება. მე მაქვს იმედი, რომ შეთანხმება შედგება და თუ უახლოეს მომავალში ისევ დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, სავარაუდოდ ეს ისევ დასავლელი მედიატორების თანდასწრებით მოხდება, თუმცა წინასწარ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო”.