საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში იმყოფებოდა.
სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ცენტრის დირექტორ, იანის სარტსთან შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა.
„მხარეებმა თანამედროვე საინფორმაციო საფრთხეებთან და პროპაგანდასთან ეფექტიანად ბრძოლის მეთოდებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის კამპანიებსა და მასთან გამკლავების გზებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2016 წლიდან ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრთან თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარებას როგორც ინსტიტუციურ, ასევე ეროვნულ დონეზე.
აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული კომუნიკაციები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა.
ცენტრთან თანამშრომლობით თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი დაარსდა, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მომუშავე სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების მომზადებასა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.