“საქართველოში ვაქცინირებულებს, შესაძლოა არსებულ კოვიდშეზღუდვების პირობებში გარკვეული პრივილეგიები მიენიჭოთ – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს მომავალ კვირაში ინიციატივით მიმართავს, რომ იმ პირებს, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზა ექნება გაკეთებული, შეზღუდვების პერიოდში შეღავათები დაუწესდეთ. აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მისი განმარტებით, პირები, რომლებიც კორონავირუსზე ორჯერადად აიცრებიან, სახელმწიფოსგან მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შეზღუდვები მოიხსნება ვაქცინირებულებისათვის და რა სიურპრიზები ელით მათ / “ადამიანები დაინახავენ, რომ ვაქცინირებულებს უპირატესობა ექნებათ და შესაძლოა ამ პროცესმა ყინული დაძრას”.
“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აპირებს მომავალ კვირაში შესაბამისი ინიციატივით შევიდეს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოში, რომ ამ ადამიანებს შესაბამისი შეღავათები ჰქონდეთ შეზღუდვების პერიოდში. რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის, იგივე “კომენდანტის საათის” დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი. რამდენიმეზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, სწრაფად და სრულად აიცრას”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ “15 მაისამდე დაგვიგროვდება 14 000-მდე ორჯერადად აცრილი მოქალაქე, ამ ადამიანებს კი მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ ქვეყნისგან”. “მწვანე პასპორტი” თუ “კოვიდპასპორტი” – რა წერია ცნობაში, რომლის წარდგენასაც, სავარაუდოდ, მოგზაურობისას მოგვთხოვენ? გამყრელიძის განმარტებით, ჯერჯერობით,საერთაშორისო ორგანიზაციების – მათ შორის, ჯანმოს მიერ, ერთიანი უნიფიცირებული ცნობა არ არსებობს, თუმცა ე.წ. კოვიდპასპორტების საკითხზე ევროკავშირი უკვე მუშაობს. ამბობს, რომ ქვეყნების ნაწილმა მსგავსი დოკუმენტებით სარგებლობის ვალდებულება უკვე შემოიღო”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ეს არის დოკუმენტი, სადაც აღნიშნული იქნება, ადამიანი აცრილია თუ არა და როგორ არის აცრილი – ერთჯერადად, თუ სრულად, რადგან ვაქცინების უმეტესობა გამოიყენება ორჯერადი ინექციისთვის” – განაგრძობს გამყრელიძე. მისივე განმარტებით, ამ ტიპის დოკუმენტში არის ხოლმე პისიარ ტესტის პასუხიც და ზოგ ქვეყანაში არის მოთხოვნა, აღნიშნული იყოს აქვს თუ არა პიროვნებას გადატანილი ინფექცია. სწორედ ეს მონაცემები იყრის თავს დოკუმენტში, რომელსაც მწვანე პასპორტსაც უწოდებენ – ამირან გამყრელიძის თქმით, თუ დოკუმენტი მწვანეა, ეს ნიშნავს, რომ მისი მფლობელი არის ვაქცინირებული, ან – პისიარ ტესტი უარყოფითია. “ეს ნიშნავს, რომ მაღალი ალბათობით, არ ხართ ინფექციის გამავრცელებელი”, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი”, – დასძენს გამოცემა.
“როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, თუ ინიციატივა ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების პრივილეგიების მინიჭების შესახებ რეალურად განხორციელდება, ეს ვაქცინაციის პროცესს სტიმულს მისცემს და ეკონომიკას შეძლებისდაგვარად გახსნის. “რა თქმა უნდა, ეს მომენტი ვაქცინაციის პროცესს და ეკონომიკის სტიმულირებას ძალიან წაადგება, ჩინეთისა და ისრაელის მაგალითს რომ გადავხედოთ, როცა საქართველოში ბიუჯეტში და ეკონომიკაში პრობლემებია და თუ ასე გაგრძელდა და კიდევ დაკეტვები დაიწყო, ხომ წარმოგიდგენიათ რა იქნება. ისევ შეზღუდვებმა და დაკეტვებმა დიდი ალბათობით შესაძლოა ძალიან ცუდი ეფექტები შექმნას, მაგალითად ისეთი, რომ შეიძლება სახელმწიფოს ხელფასების გაცემის უნარი აღარ ჰქონდეს, დაიწყება ეკონომიკური რეციდივების განვითარება და ა.შ., – მიიჩნევს მაისაია, რომლის აზრით, “ეს ინიციატივა წაახალისებს ვაქცინაციის პროცესს”, – წერს სტატიის ავტორი.
“ადამიანი რომელიც არ იკეთებს ვაქცინას, ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს თვითონ იზღუდავს, რადგან როცა ფორსმაჟორული სიტუაციაა – მე ასე მინდა და მე ისე მინდა, ასე არ ხდება. მსოფლიო ქვეყნების ხელისუფლებებმა დაადასტურეს, რომ ამ ვირუსს მხოლოდ ვაქცინაცია შველის და პრობლემას გარკვეულწილად აგვარებს, ამიტომ აქ ასეთი მოქცევა არა მგონია რომ თავად ადამიანს წაადგეს, თუმცა ეს თავიანთი უფლებაა. ადამიანები, რომლებიც ვაქცინაციას არ აპირებენ, დაინახავენ, რომ ვაქცინირებულებს უპირატესობა ექნებათ, შესაძლოა ამ პროცესმა ყინული დაძრას, თუმცა, ქართველები ძალიან სტერეოტიპული ხალხი ვართ და რასაც თავში ჩავიდებთ იმისი გამოგდება ძნელია ხოლმე და ეს სტერეოტიპი უნდა დაიძლიოს, როცა ბევრი ადამიანი გაიკეთებს და გამოვა და პირვანდელ ცხოვრებას დაუბრუნდება, ვფიქრობ, რომ სხვებიც ამ ნაბიჯს გადადგამენ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო რეგულაციებიდან გამომდინარე მიიღეს, ეს საერთაშორისო სტანდარტების დონეა, საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია და ბუნებრივია, მათ მოთხვნებს ასრულებს, ამიტომ აქ ჩატარებული აცრა ყველგან ყველა ქვეყანაში ვალიდური იქნება. როგორც ვიცი, ის ქვეყნები, სადაც მასობრივი აცრები მიდის პანდემიამდელ მდგომარეობას უბრუნდებიან. მე ჩინეთთან მაქვს ურთიერთობა და ისინი უკვე ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ და მათი ეკონომიკა პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა”, – დასძენს მაისაია.