სასწავლო წვრთნების დროს დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო სამუშაოები ჰაერიდან გრძელდება, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა სერგო ძაგნიძემ გაზეთ ”კვირის პალიტრისთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
”სამძებრო სამუშაოებში გამოვიყენეთ ყველა რესურსი, მაგრამ ამაოდ. ამიტომაც სიღრმეში ძებნა არალოგიკურად მივიჩნიეთ და ზემოდან ვაკონტროლებთ აკვატორიას. მთელი ბათუმი ხედავს, რომ ზღვის თავზე ყოველდღე შვეულმფრენი დაფრინავს…სადაც მსოფლიოში საუკეთესოდ აღჭურვილი თურქული გემი ვერაფერს გახდა, რისი იმედი უნდა გვქონდეს? ამ საქმეში ჩართული იყო ყველა მყვინთავი, გავითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია”, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა სერგო ძაგნიძემ.
კითხვაზე, ჩაუტარდა თუ არა ექსპერტიზა სამხედრო ბაზაზე არსებულ ჩასაყვინთავ აღჭურვილობას, სერგო ძაგნიძე პასუხობს, რომ უწყება ექსპერტიზის პასუხებს ელოდება. თუმცა მანამდე მინისტრის ბრძანებით, ახალი ნორმატიული ბაზის შემუშავებამდე სასწავლო საწვრთნელი სამუშაოები შეჩერებულია.
კითხვაზე, იყო თუ არა ყვინთვის სწავლებაში სერიოზული ხარვეზები აღმოჩენილი, სერგო ძაგნიძე პასუხობს, რომ მომხდარის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხარვეზი კი არა დანაშაულია, რის გამოც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რაც გულისხმობს ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
აგვისტოში სასწავლო წვრთნების დროს, ზღვაში ორი ჯარისკაცი – იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგა.