შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე საქართველოში არ ჩამოვიდა. უკრაინის შსს-ს ოდესის ოლქის პოლიციის უფროსი საქართველოში ჩამოსვლას 15 ოქტომბერს გეგმავდა, თუმცა მან საქართველოში დაბრუნება გადაიფიქრა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ლორქიფანიძის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა, ლორთქიფანიძემ საქართველოში დაბრუნება იმის გამო გადაიფიქრა, რომ პროკურატურამ და სასამართლომ მისი გამოძიებასთან თანამშრომლობის გარემოება არ გაითვალისწინეს და წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.
”მთელი რიგი მიზეზების გამო აღარ აპირებს ჩამოსვლას. ის თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მზად იყო ეთანამშრომლა დღესაც, თუმცა ამის მიუხედავად, ეს გარემოება არ გაითვალისწინეს, დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი და შეუფარდეს პატიმრობა. აქედან გამომდინარე, გია ლორთქიფანიძე თავისი ინტერესების დაცვას უკრაინიდან გააგრძელებს და მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს”, – განაცხადა გელხმაურმა.
რაც შეეხება ოდესის პოლიციის უფროსის დისტანციური წესით დაკითხვის შესაძლებლობას, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, გია ლორთქიფანიძე დღესაც მზადაა ჩვენების მიცემისთვის თუ გამოძიებას ამის საჭიროება აქვს.