“ნავთლუღის საქმის” ერთ-ერთი მოწმის, ტრისტან წითელაშვილის ინფორმაციით, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს დათა ახალაიამ ერთ-ერთ ახალგაზრდას ესროლა.
წითელაშვილი სასამართლოზე მოწმის სტატუსით იკითხება. ტრისტან წითელაშვილი 2006 წელს კერძო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო და, როგორც თავად აცხადებს, იმ დროს ობიექტების შესამოწმებლად იყო გასული. ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი ობიექტის შემოწმების დროს დაინახა ინტენსიური სროლები და შენიშნა, როგორ ესროდნენ ახალგაზრდებს.
“როდესაც შეწყდა ცეცხლი, ერთ-ერთი მივიდა და გააკეთა გასროლა ერთ-ერთის თავის მიმართულებით, მეორესთანაც მივიდა კიდევ ერთი ნიღბიანი. ერთმა ნიღაბი რომ მოიხსნა, ამოვიცანი დათა ახალაია. ხოლო მეორე, რომელმაც გასროლა განახორციელა, შემდეგ ტელევიზორში ვიცანი – იყო გიორგი მაზმიშვილი. მერე შემოიტანეს ჩანთა, ამოიღეს ავტომატები და დაყარეს. მერე სროლების მესამე ეტაპი დაიწყო, რაღაც ჯგუფი შემოდის და ისვრის ჰაერში”, -განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.
მისივე ჩვენების მიხედვით, როდესაც ადგილზე იმყოფებოდა, შენიშნა დათა ახალაიამ და კითხა, თუ ვინ იყო იქ, რაზეც წითელაშვილმა განუცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო.
ტრისტან წითელაშვილამდე დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ისაუბრა იმ დასკვნის შესახებ, რომელიც 2006 წელს გვამების დათვალიერების შედეგად მომზადა.
ექსპერტმა გიორგი მაღრაძემ განაცხადა, რომ გვამებს აღენიშნებოდათ მრავლობითი ჭრილობები მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან. რაც შეეხება დაცვის მხარის კითხვას, იყო თუ არა სხეულზე მიბჯენით სროლის კვალი, ექსპერტმა თქვა, რომ მაშინ გამოკვლევის დროს ეს კითხვა არ დასმულა და შესაბამისად დასკვნაში არაა ასახული.
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიას და გიორგი დგებუაძეს, იგივე “მასტერას” განზრახ მკვლელობის და უფლებამოსილების გადამეტებით აქვთ ბრალი წარდგენილი.