საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს პარიზში ფრანგ კოლეგა ჟან ჟაკ ურვუას შეხვდა.
იუსტიციის მინისტრები პარიზში მიმდინარე ნოტარიატის 28-ე საერთაშორისო კონგრესზე იმყოფებოდნენ, რომელიც ფრანგმა მინისტრმა გახსნა.
მხარეებმა სამართლის სფეროში საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.
ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპეიზაციის და ევროპულ სამართლებრივ სისტემასთან დაახლოებისთვის გატარდა.
საქართველოსა და საფრანგეთის იუსტიციის მინისტრებმა ნოტარიატის საქმიანობის შესახებ და ამ კუთხით საქართველოსა და საფრანგეთში არსებულ გამოწვევებსა და პრაქტიკაზეც გაამახვილეს ყურადღება. სამოქალაქო დავებით სასამართლოების გადატვირთულობის თემა ორივე ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემაა, რის გამოც სანოტარო მედიაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. თეა წულუკიანმა ფრანგ კოლეგას იმ პრაქტიკის შესახებ უამბო, რომელიც ბოლო წლებში დაინერგა საქართველოში და ნოტარიუსის მეშვეობით შედარებით მარტივი დავების მედიაციის გზით მოგვარებას ითვალისწინებს. ჟან ჟაკ ურვუასი აღნიშნული თემით დაინტერესდა საქართველოს გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.
შეხვედრის დასასრულ, ქართული რეფორმების უკეთ გაცნობის მიზნით, თეა წულუკიანმა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი საქართველოში მოიწვია.