ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე ლიკვიდირებული 23 წლის გიგა შენგელიას ძმის ადგილმდებარეობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელი გახდა“, – ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ეთერში თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გააკეთა.
საკითხზე საუბრისას იზორიამ დაადასტურა, რომ მოკლულის ძმა ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე მსახურობდა.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ ობიექტზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად წვრთნები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, შესაბამისად დაცვის ხარისხი ძალიან მაღალია.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება გამოკითხვის წარმოება ძმასთანაც, თუმცა მისი ადგილმდებარეობის დადგენა ამ ეტაპამდე შეუძლებელი გახდა. შესაბამისად, როდესაც გაარკვევენ მის ადგილმდებარეობას საგამოძიებო ორგანოები ეს გამოკითხვაც ჩატარდება.
ვფიქრობ, რომ ცენტრის პერიმეტრი დაცულია და შესაბამისად ის წესი, რომელიც დადგენილია საყარაულო წესზე მაქვს საუბარი, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებითაა დამტკიცებული აძლევს გუშაგს შესაძლებლობას აღნიშნულ შემთხვევებში იმოქმედოს მყისიერად, სწორედ ობიექტის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე და სახელმწიფო დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.
ამ ობიექტზე მუდმივ რეჟიმში ტარდება წვრთნები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.
იმ საღამოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ჩვენი პარტნიორებიც აშშ-ს საზღვაო ქვეითის წარმომადგენლები შესაბამისად დაცვის ხარისხი ძალიან მაღალია. მე ვწუხვარ იმ შედეგით რაც დადგა და ბუნებრივია არავის არ უნდა ასეთი შედეგის დადგომა რაც ადამიანის გარდაცვალებას უკავშირდება, მაგრამ აქ ლაპარაკია სახელმწიფოს ინტერესებზე, აქ ლაპარაკია დიდ საჯარო ინტერესზე და საჯარო ინტერესები რეგულირდება კანონით, გარკვეული ნორმატიული აქტებით, ამიტომ თქვენი დაცულობის ინტერესებიდან, საზოგადოების დაცულობის და ზოგადად სახელმწიფოს დაცულობის ინტერესებიდან გამომდინარე პრიორიტეტულია, როდესაც ჯარისკაცი თუ გინდ სხვა ორგანოების წარმომადგენლები მკაფიოდ გაწერილი ინსტრუქციებით და წესებით მოქმედებენ“, – განაცხადა მინისტრმა.