“ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ატყუებდა. შეიძლება ვიღაცამ მართლა დაიჯერა სააკაშვილის ვითომ მამაცური განცხადებები, რომ მოდის, მოცურავს, მიწას თხრის და ა. შ. როცა დაინახა, რომ კიდევ ერთხელ ატყუებს ეს კაცი საზოგადოებას, ამან გარკვეული გულაცრუება გამოიწვია”, – ამის შესახებ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა.
მისივე თქმით, 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ”ნაციონალური მოძრაობის რიტორიკა შეიცვალა.
”ეს არის პარტია, რომელიც ლაპარაკობდა იმაზე, რომ 8 ოქტომბერს მოვიდოდა ხელისუფლებაში და ლაპარაკობენ იმაზე, რომ როგორმე ”ქართულმა ოცნებამ” არ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, შეიცვალა მათი რიტორიკა. მათ გათვლა აქვთ, რომ იქნებ ერთი, ორი ან სამი ოლქი მაინც მოვიგოთო, მაგრამ ვერც ერთს მოიგებენ. სააკაშვილის დაბრუნებას ჩვენ მივესალმებით, პირობასაც ვდებთ, რომ ადრე თუ გვიან ის აუცილებლად დაბრუნდება და მიიღებს თავის კუთვნილ ადგილს მეცხრე დაწესებულებაში და განსასჯელის სკამზე სასამართლოში”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.