“ეკლესიაში შიდა ბზარები მართლაც არსებობს”, – ამის შესახებ პატრიარქის მოადგილემ მეცნიერებათა აკადემიაში, გიორგი ანდრიაძემ გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში განაცხადა.
ანდრიაძე ინტერვიუში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებაც გამოხატავს თავის შეხედულებას.
“ვინც პატრიარქს ებრძვის და მის დისკრედიტაციას ცდილობს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მტერია. არ ვგულისხმობ მარტო პეტრე ცაავას, რომელსაც ქვეყნის გარედან ძალიან ბინძური მისია დააკისრეს და, ფაქტობრივად, რეზიდენტად აქციეს. სხვებიც მზადყოფნაში არია, შეასრულონ ანალოგიური დაკვეთა, თუმცა, ამ ეტაპზე ინიღბებიან და მოჩვენებითად პატრიარქის გვერდით იმყოფებიან. სამწუხაროა, რომ შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული, ამ გარემოებას სათანადო შეფასებას არ აძლევს საქართველოს არცერთი ე.წ. ხელისუფლება, რომელთაც გააჩნიათ ზუსტი ინფორმაცია, რომ პატრიარქთან დაპირისპირება და ჩვენს ეკლესიაში ბზარების გაჩენა უცხოეთიდან, ანტიქართული და ანტიმართლმადიდებლური ცენტრებიდან არის ორგანიზებული. ჩვენ არ ვიცით მომავალში კიდევ რომელ ჩანერგილ თუ მოსყიდულ აგენტს მისცემენ მორიგი გამოხდომის ბრძანებას, მაგრამ ფაქტი სახეზეა: ეკლესიაში შიდა ბზარები მართლაც არსებობს.
რაც შეეხება კითხვას, რომ რამდენჯერმე იყო ეკლესიის საჭეთმპყრობლის ჩამოცილების მცდელობა – დიახ, მტერმა ყველა მეთოდი სცადა, მაგრამ უფალმა არ დაუშვა ეს. ვერ გაითვალისწინეს, რომ მთავარი და გადამწყვეტი უფლის ნებაა. მხოლოდ მორწმუნე ადამიანს შეუძლია მიხვდეს, რომ ეს მისტიკური პროცესია. თითოეული მორწმუნე ადამიანის ლოცვა და მადლი განაპირობებს, რომ მტერი ამ მიზანს ვერ მიაღწევს.
ათეისტი ვერ ჩასწვდება ამას. დიახ, ლოცვის შედეგად წარმოქმნილი ღვთის მადლი ჩაერია და ჩაუშალა მტერს ზრახვები. ეს მადლი იფარავს აქამდე ჩვენს ქვეყანას და სულიერ მისიასაც აღგვასრულებინებს, თუ ზერელედ კი არა, გულმოდგინედ ვილოცებთ. სამწუხაროდ, ქართველები სულიერ მისიას გავემიჯნეთ, გარყვნილებაში, ლოთობაში, ნარკომანიაში, ურწმუნოებაში გადავეშვით, აი ამის გამო ვკარგავთ სამშობლოს.
ჩვენი სულიერი მისია მდგომარეობს ქრისტეს გზით სიარულში, იმის გაცნობიერებაში, რომ მცხეთა მეორე იერუსალიმია, ქრისტესა და ღვთისმშობლის კვართები საქართველოშია, ხოლო ქართველები ვართ ქრისტეს გზის დამცველები, სულიერი ჭეშმარიტების მქადაგებლები და დამმოწმებლები დედამიწაზე. თუ ქართველი ამ მისიას დაკარგავს, უფლის მადლი დაგვტოვებს და ვერაფერს მივაღწევთ. საეკლესიო კანონი ურღვევია. მისი უგულებელყოფა მართლმადიდებლობიდან გადახვევას ნიშნავს. სამწუხაროდ, ჩვენს საპატრიარქოში მრავალი ტენდენცია გამოიკვეთა, როცა სჯულისკანონი მაღალმა იერარქებმა დაარღვიეს – ვგულისხმობ, თუნდაც უკრაინის თვითგამოცხადებული ეკლესიის აღიარების მოწოდებებს, გეი-პროპაგანდის მიმართ ლოიალობას და სხვა კანონიკურ გადაცდომებს. ასე მაგალითად, ქრისტიანობასთან არ შეიძლება საერთო ჰქონდეთ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მომყვანებს, მეხოტბეებსა და ამ რეჟიმის განმამტკიცებლებს. პირდაპირ ვამბობ, ისინი შეგზავნილები არიან ჩვენს ეკლესიაში და მთავარი დანიშნულება გახლავთ ეკლესიაში ლიბერალიზმის ქადაგება, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგება საეკლესიო კანონებს. ეს ხალხი აუცილებლად და დაუყოვნებლივ უნდ მოიკვეთონ ეკლესიიდან.
ჩემი ინფორმაციით, აგენტურა და კორუმპირებული სასულიერო პირები მაქსიმუმ 10-15%-ს შეადგენს, თუმცა, ისინი დაფინანსების შედეგად ძალზე აქტიურები არიან. პეტრე ცაავა აქამდე რატომ ვერ განკვეთეს, რომ თანამოაზრეები და და აგენტი ადვოკატები მრავლად ჰყავს, რომლებიც ამ პროცესს აფერხებენ. უმაღლეს სამღვდელოებაში კორუფცია განსაკუთრებით სააკაშვილის რეჟიმის პირობებში გაიფურჩქნა. საზოგადოებამ ყველა უღირსი სამღვდელო იერარქის შესახებ ისედაც იცის, მე აქ მათ არ ჩამოვთვლი, რათა შიდა დაპირისპირების დაწყება არ დამაბრალონ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ უღირსებს ხელისუფლება მფარველობს. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს ლუსტრაციის კანონი, რათა საპატრიარქოში შეგზავნილი ელემენტები ამხილონ და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდნენ. ვადევნებ თვალს მიმდინარე მოვლენებს, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეკლესიაში არსებული პრობლემების უმრავლესობას დღემდე ნაციონალური მოძრაობისა და მისი განშტოებების ევრონაცების, ლელოს, გირჩის და მათნაირი პოლიტიკური სუბიექტების არსებობა განაპირობებს. ძირითადი პრობლემები მოდის ამ ანტიმართმადიდებლური და ანტიქართული პოლიტიკური კლანიდან, რომელსაც ჰქვია სააკაშვილის ბანდა.
ყველა ნიშნის მიხედვით ეს ბოლო ჟამია. თეოლოგის კი არა, ფიზიკოსის პოზიციიდან გეტყვით, რომ ცივილიზაცია ტექნოლოგიურად უკვე განვითარების პიკშია, ხოლო ეკოლოგიური თვალსაზრისით დაღუპვის მიჯნაზე ვართ – დედამიწა მზეს უახლოვდება, იზრდება ტემპერატურა, ხოლო ადამიანი უძლურია, არქტიკის დნობა შეაჩეროს. სამყარო შეიშალა. კაცობრიობა მარსზე გადასახლების საშუალებებს ეძებს, ნაცვლად მარადიული სიცოცხლისა და ქრისტესკენ მიმავალი გზების ძიებისა… მორწმუნე საზოგადოება ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინშია, რომლის წინ მცირე ხნით ანტიქრისტე უნდა მოვიდეს. არც ეს იქნება მორწმუნეთათვის დიდი პრობლემა, რადგან უფალი მათ ყოველმხრივ შეუმსუბუქებს განსაცდელს.
რაც შეეხება კითხვას კორონავირუსსა და ვაქცინაციაზე – ყველაფერი იქეთ მიდის, ადამიანები მართულად აქციონ. პირადობის მოწმობა, ბანკომატის პლასტიკური ბარათი და ყველა პირადი მონაცემი ბოლოს გაერთიანდება და იქცევა ჩიპად. საზოგადოების დიდი ნაწილი ან ჩიპს მიიღებს, როგორც ცივილიზაციისა და კეთილდღეობის საფუძველს. ვისაც ასეთი ჩიპი არ ექნება დასცინებენ და განდევნიან, როგორც სულ ახლახან უნიღბოდ მოსიარულე ადამიანებს დევნიდნენ. პირადად მე რამდენჯერმე დამესხა ამ მიზეზით თავს გაშმაგებული ბრბო, არადა ახლახან აღმოჩნდა, რომ ნიღაბი თურმე, სრულიად ზედმეტი ყოფილა. იგი აავადმყოფებს ადამიანს. მაგრამ თქვენ ნახავთ, ოქტომბრის ბოლოს ისევ დაგვაძალებენ ნიღაბს, რომელიც რეალურად მორჩილების სიმბოლო იქნება.
მე არ ავიცრები. მაგრამ ბევრ ადამიანს ვიცნობ, მათ შორის მორწმუნეებსაც, რომლებიც დასნეულების შიშით აიცრებიან და ჩემს პოზიციას თავს არ მოვახვევ. არ მიმაჩნია, რომ აცრის შედეგად ანტიქრისტეს ნიშნით აღვიბეჭდები, უბრალოდ არ ვენდობი ნივთიერებას, რომელსაც ვაქცინად გვასაღებენ. თუმცა, ჩემი აზრით, ასეთ პირობებში აცრა არის წინა სახე, საზოგადოების მიჩვევა და შემზადება მხეცის ტვიფარის მისაღებად. ანტიქრისტეს ნიშანს მოტყუებით არაბის შეაპარებენ. თითოეულ ადამიანს ექნება არჩევანის საშუალება – მიიღოს მხეცის ნიშანი და ამქვეყნიური კეთილდღეობა ან უარი თქვას და იქცეს დევნილად და ტანჯულად.
ებრაელი ხალხი ღვთის რჩეულად ითვლება, მაგრამ მათ ქრისტე ვერ ამოიცნეს. ვერც ქართველებისთვის იქნება გადარჩენის გარანტი ღვთისმშობლის წილხვდომილობა. მართლამდიდებლური სწავლება სინერგიაზეა დაფუძნებული, რაც ადამიანის და ღმერთის მოქმედების თანხვედრას ნიშნავს. როცა ადამიანი უფალს არ ემორჩილება და მისი მოწოდებების არედან გადის, ღმერთი მას აღარ ეხმარება. ამიტომაც ადამიანი და ერი მუდმივად უფალთან უნდა იყოს კავშირში, რათა გადარჩენა და ცხოვრება შეძლოს”, – აცხადებს ანდრიაძე.