სააკაშვილმა ავარჯიშა გარკვეული ჯგუფები და შემდეგ დესტაბილიზაციისთვის საქართველოში შემოიყვანა, – ამის შესახებ „სტრატეგიული ცენტრის“ ხელმძღვანელმა ლევან მამალაძემ დონბასიდან „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სკაიპით ჩართვის დროს განაცხადა.
ყოფილი მაღალჩინოსანი მიხეილ სააკაშვილის მოსალოდნელ დესტაბილიზაციის გეგმაზე საუბრობს.
მამალაძის ინფორმაციით, სააკაშვილი მარნეულში იმ გეგმის გაგრძელებას აპირებს, რაც 8 ოქტომბერს წამოიწყო. მამალაძე ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პროვოკაციისთვის ეთნიკურ ნიადაგს გამოიყენებს.
“იქიდან გამომდინარე, რომ მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ხოლო „ქართული ოცნების“ – ქართველი, სააკაშვილი შეეცდება, რაც ეს უკვე გააკეთა, გამოიყენოს არაქართულენოვანი მოსახლეობა და რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე მარნეულში შუღლი გააღვივოს, მან ავარჯიშა გარკვეული ჯგუფები ახლო აღმოსავლეთში, მას კავშირი ჰქონდა სირიასთანაც და შემდეგ, ეს ჯგუფები, ისევ საქართველოში შემოაგზავნა.
მაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები ყურანზე აფიცებდნენ ამომრჩეველს. სააკაშვილი ცდილობს თავის ბოლო გაფართხალება კარგად გამოიყენოს, მაგრამ საქართველოში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და იმედი მაქვს, რომ არც ახლა მოხდება. სააკაშვილს დესტაბილიზაციისთვის შერჩეული აქვს სამი წერტილი, ესაა ქუთაისი, ბათუმი და მარნეული.
ქუთაისი იმიტომ, რომ მეორე პოლიტიკური ცენტრია, ბათუმი საზღვართან ახლოსაა და მარნეული კი დასახლებულია ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობით. სააკაშვილი, ამ გეგმის განხორციელებისთვის უამრავ თანხას ხარჯავს“, – განაცხადა ლევან მამალაძემ დონბასიდან.
ლევან მამალაძე თვლის, 8 ოქტომბრის არჩევნების დროს სააკაშვილის გეგმას ხელი შიდა პარტიულმა დაპირისპირებამ შეუშალა.