„პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელი ცესკოს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა გოჩა თევდორაძემ განაცხადა, რომ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.
„სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. ის ვერ გათავისუფლდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება. ხელისუფლებას არ სურს ერთი მანდატის დათმობაც კი. ჯერ ცესკოს მიაღებინა გადაწყვეტილება, ახლა საქალაქო სასამართლოს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში“, –განაცხადა გოჩა თევდორაძემ.
„პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია“ ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით, პარტიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკო-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. როგორც ”პატრიოტთა ალიანსში” განმარტავენ, მათ ცესკო-მ ექვსი სადეპუტატო მანდატი მიაკუთვნა, თუმცა რეალურად მეტი ეკუთვნით.