ჩვენ სამწუხაროდ, არ გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ ერთი ხელის მოსმით ყველაფერი მოგვარდეს, მაგრამ ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დღეს რეგიონებში, ქალაქებში, რაიონებში, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს არის მოგვარებადი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ ჭიათურაში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას კარგად ესმის, რა პრობლემები აწუხებთ რეგიონში, კერძოდ ჭიათურაში მცხოვრებ ადამიანებს.
„ჩვენ 4 წელია, ხელისუფლებაში ვართ და შეგვიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა ამ 4 წლის განმავლობაში. შეგვიძლია, გითხრათ დარგების მიხედვით, თუ რა გაკეთდა. მაგალითად, ჯანდაცვის მიმართულებით – ნამდვილად საამაყოა, რომ დღეს საქართველოში ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული და, საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მომსახურება არის უფასო. რა თქმა უნდა, მომავალი წლების განმავლობაში ეს პროექტი გაგრძელდება, კიდევ უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ჩვენ დავიწყეთ უპრეცედენტო პროექტის განხორციელება – C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ერთად დაიწყო განხორციელება. დღეს საქართველოში 200 ათასზე მეტი ადამიანი დაავადებული ამ მძიმე სენით, ამის მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი მედიკამენტის ფასი 65 ათასიდან 70 ათასამდე მერყეობს, ამ ადამიანებს არანაირი შესაძლებლობა, არანაირი რესურსი არ ქონდათ, რომ მედიკამენტები შეიძინონ. ჩვენ მივეცით მათ შესაძლებლობა, იმკურნალონ. მკურნალობა მათ უჯდებათ ნული თეთრი, ყველა ხარჯს თავის თავზე იღებენ საქართველოს და ამერიკის შერთებული შტატების მთავრობები. დღეს უკვე დაახლოებით 8 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროექტით და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ისინი სრულიად განიკურნენ,-აღნიშნა კახი კალაძემ.
„ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. მიუხედავად ამ 4 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და რეფორმებისა, უამრავი პრობლემაა ქვეყანაში, თქვენს რაიონში, თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ თვითკმაყოფილები ვართ და გვახარებს მხოლოდ ის, რაც გავაკეთეთ ამ 4 წლის განმავლობაში. ეს ასე არ არის. ჩვენ გვესმის და ვიცით ყველა პრობლემა, რაც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ჩვენ ვიცით, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები, ჩვენ სამწუხაროდ, არ გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ ერთი ხელის მოსმით ყველაფერი მოგვარდეს, მაგრამ ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დღეს რეგიონებში, ქალაქებში, რაიონებში, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს არის მოგვარებადი. არის შესაძლებლობა იმისა, რომ ბარიერები, რომლებიც დღეს გვაქვს, გადავლახოთ, ამას აუცილებლად მოვახერხებთ, აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად. მინდა, წარმატებები გისურვოთ, ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, იყოს ბედნიერი, ლაღი და წარმატებული. დარწმუნებული ვარ, ერთად ვიზეიმებთ 30 ოქტომბერს გამარჯვებას“,-მიმართა კალაძემ ჭიათურელ ამომრჩევლებს.