მე არასდროს კონკრეტულად არაფერი მითქვამს. ეს არის სიცრუე, „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მითი, – ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა „ქრონიკის“ კითხვას მის შესახებ ჩამოდის თუ არა საქართველოში. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დეპუტატებთან სწორედ საქართველოში ჩასვლაზე ისაუბრა.
„მე ბევრჯერ ვთქვი კონკრეტულ რაღაცებზე, რომ იმედია აი ახლა დავამარცხებთ („ქართულ ოცნებას“). როდესაც ყველა დემოკრატიული პროცესი გაუქმებულია, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს ის, რაც ქართველმა პატრიოტმა. მე არ ვაპირებ არავისთან რიტორიკულ ამბავში შესვლას. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი. ქართველმა ხალხმა იცის რა გამიკეთებია მათთვის და მთელმა მსოფლიომ იცის ვინ ვარ და აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიქნები გვერდზე და ვერ ვიტყვი რომ ხელები დამიბანია. მე გავაკეთებ იმას, რაც ვთქვი. ხალხს დაავიწყდა უკვე სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც აკეთებს იმას, რასაც ამბობს. მე კი ყოველთვის ვაკეთებ იმას, რასაც ვამბობ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
კომენტარი მედიასთან სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმაც გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრის მთავარი თემა 2 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები იყო, თუმცა მხარეებმა ყოფილი პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების საკითხიც განიხილეს.
„რაც შეეხება სააკაშვილის საქართველოში გამგზავრებას, განვიხილეთ ეს საკითხი. სააკაშვილს იცნობენ საქართველოში, ზოგს მოსწონს სააკაშვილი, ზოგს ის სძულს, მაგრამ ის ცნობილი ფიგურაა და მას შეუძლია პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა ქვეყნის გარედანაც. გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. ჩვენი მოწოდებაა, რომ არ შეიქმნას დამატებით პოლარიზაცია ან დამატებითი პრობლემები, რადგან ისედაც რთული პერიოდია და არჩევნებია. მე არ ვარ იმ პოზიციაზე, რომ რეკომენდაციის მიცემა შემეძლოს წასვლაზე ან წაუსვლელობაზე. მე მოვუწოდე მიხეილ სააკაშვილს ისე, როგორც მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და ქართველ პოლიტიკოსს, მათ პოლარიზაცია არ უნდა გაამძაფრონ, არ უნდა დაძაბონ და გაამწვავონ პოლიტიკური მდგომარეობა და ძალიან ყურადღებით განიხილონ გადასადგმელი ყველა ნაბიჯი. საქართველოს არ სჭირდება პოლარიზაცია. საქართველოს სჭირდება სამართლიანი არჩევნები, მხარეების მიერ არჩევნების შედეგების აღიარება“