მეგის ქარდავა ყველა გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ ქარდავას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა. ქარდავა უკრაინამ საქართველოს რამდენიმე დღის წინ გადმოსცა და ახლა ის სასჯელს ქართულ ციხეში მოიხდის.
ქარდავას დანაშაულებზე საუბარი არც საქართველოში ექსტრადიციამდე შეჩერებულა და მითუმეტეს ახლა, დაზარალებულები ხმამაღლა ალაპარაკდნენ.
გთავაზობთ ერთი-ერთი პატიმრის წერილს, რომელსაც გაზეთი ვერსია ავრცელებს
რუსთავის #17 დაწესებულებაში გერონტი ნ. ერთი რიგითი პატიმარი იყო. ეს მასისთვის, თორემ რამდენიმე კაცმა იცოდა _ გერონტის თავისუფლებაზე მეგის ქარდავა მფარველობდა, არადა მის გამო მოხვდა ციხეში. გასაკვირი კი ის იყო, რომ გერონტი მეგისზე არ ბრაზობდა, არ ემუქრებოდა, არ ამბობდა, გარეთ რომ გავალ, პასუხს მოვთხოვო.
„იცი, რას ვერ ვხვდები? ამბობ, რომ ციხეში მეგისას გამო მოხვდი, გაგწირა. და აგერ უკვე მეხუთე წელია სასჯელს იხდი წინ კიდევ სამი წელი გაქვს… იმას კი არ ვამბობ, უნდა აგინო და გარეთ რომ გახვალ, მოკლა, მაგრამ, როცა რომელიმე პატიმარი შეაგინებს ქარდავას, არ მოგწონს, თითქოს არ გინდა, მასზე ცუდი გაიგო… შეგიძლია ამიხსნა, რატომ?!“ _ ჰკითხა ერთ დღეს გერონტის პატიმარმა #0578-მა.
„ბევრი ცოდნა დაგაბერებს, არ გაგიგია?“ _ გაეღიმა გერონტის.
„გამიგია, მაგრამ როცა რამეს ვერ ვხვდები, ვერ ვისვენებ და მომკალი, თუ გინდა“, _ გაეცინა #0578-ს.
„მარტივია ყველაფერი. მე და მეგისა ბავშვობის ძმაკაცები ვართ. როცა ,,ვლასტში” მოვიდა, მე ჩემი ბიზნესი დავიწყე, ალბათ ერთადერთი ბიზნესი, რომელსაც ახალაიები არ აწუხებდნენ და სული მოვითქვი. ცოლი მოვიყვანე, შვილი მყავს, მანქანა… და ყველაფერი მეგისას დამსახურებით. მერე მოხდა რაღაც, ვიღაც უნდა დაეჭირათ და ის ყაჩაღობა უნდა შეეტენათ, რომელიც როლანდამ ვერაფრით გახსნა. გახმაურებული ყაჩაღობა იყო და ,,სროკზე” მე წამოვედი. შევთანხმდით მე და მეგისა, თითი არ დაუდიათ ჩემთვის არც გლდანში, არც აქ. ხომ ხედავ, როგორ ვარ აქაც. უბრალოდ, 1 წელი უნდა ვმჯდარიყავი, მერე გავსულიყავი, მაგრამ ის ოჯახი ვერა და ვერ გააჩერეს, აკონტროლებენ, როგორ ვიხდი სასჯელს და… ვზივარ, აბა რა ვქნა? მეგისას კიდევ რატომ ვაგინო, შემომთავაზა და დავთანხმდი“, _ ჩუმად თქვა გერონტიმ.
„ნუ გამაგიჟე. ამხელა სამეგრელოში ერთი კაცი ვერ ნახეს, ვისაც ამას შეტენიდნენ?“ გაუკვირდა #0578-ს.
„ჰო, ვერ ნახეს… მოკლედ, პატარა დეტალები იყო, რის გამოც ვერ ნახეს, რა…“, _ აღარ თქვა ბოლომდე გერონტიმ.
„წამო ახლა, გოგა უნდა განახო“, _ უთხრა #0578-მა და გერონტის პასუხს არ დალოდებია, ისე დაიძრა კამერისკენ. გერონტი უხმოდ გაჰყვა.
„გოგა, თუ ძმა ხარ, შენი ისტორია მომიყევი რა. გერონტისაც უნდა, რომ მოისმინოს“, _ უთხრა #0578-მა. გოგამ მძიმედ აწია თავი, გერონტის შეხედა, მერე ნარზე წამოჯდა, სიგარეტს მოუკიდა და დაიწყო.
„კი ვხვდები, გერონტისთან ერთად რატომ მაყოლებ… მაგ შენმა მეგისამ ჩემი მეგობრის ქორწილში გვნახა მე და ჩემი ოჯახობა, ცოლი და შვილი. ჩემი ცოლი სილამაზის კონკურსებში მონაწილეობდა, ანუ არ იყო რიგითი ქალი. არ ვიცი, რა თვალზე შეხედა და გადაეკეტა. ზუსტად ერთ კვირაში, სამსახურში მიმავალი მანქანა გამაჩერებინეს ზუგდიდში, ,,ბარდაჩოკიდან” ,,სუბუტექსი” ამომიღეს და განყოფილებაში გადამიყვანეს. ადვოკატი სამი დღე თვალით არ მინახავს და სამი დღე მეგისა ჩემს ცოლს ეჩალიჩებოდა, ერთხელ გაიმეტე თავი ჩემთვის და ქმარი სახლში გეყოლებაო. ჩემი ცოლი კი ჩემთან შეხვედრის მეტს არაფერს ითხოვდა. ბოლოს, ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა საიდუმლოდ, ასეა საქმეო და ადვოკატიც მეღირსა, როგორც იქნა. ადვოკატს ჩემებთან დავაბარე, ცოლი სადმე გაეშვათ და მათ სასწრაფო წესით უკრაინის ბილეთი იყიდეს. ვინ გაუშვა და მიუშვა აეროპორტამდე? გზაში დააკავეს და იმასაც ,,სუბუტექსი” უპოვეს. ატყდა ამბავი, ჩემები სულ გადაირივნენ, სამეგრელოში რომ ტელევიზიის ჟურნალისტია ერთი, იმას დაუკავშირდნენ და ისიც ამათი ყოფილა. ბოლოს როგორღაც როლანდ ახალაიამდე მივედით და… ჩემი ცოლი გააშვებინა, მე კიდევ 15 წელი მომცეს. იმიტომ კი არ მინდა გარეთ გასვლა, რომ ცოლი და შვილი მენატრება, იმიტომ უნდა გავიდე, მეგისა ვნახო. დამთავრებულია ჩემთვის ცხოვრება, 32 წლის კაცს 15 წელს რომ მოგცემენ, რა ხასიათზე უნდა იყო? დამთავრდა ჩემთვის ცხოვრება და ერთადერთი მიზანი მაქვს მხოლოდ _ მეგისა უნდა ვნახო“, _ დაასრულა გოგამ.
გერონტის ხმა არ ამოუღია, #0578-ს შეხედა, თითქოს ნებართვას ითხოვსო და კამერიდან გავიდა.
თავისუფლებაზე გასული გერონტი, როგორც ამბობენ, დღემდე მეგის ქარდავასთან ერთად არის რუსეთში, გოგა კი… გოგა საპატიმროს დეკემბერში დატოვებს.
პატიმარი #0578
წყარო: ვერსია