„აი, ზუსტად იქ დავხვდები, სადაც დააპირებენ მამაჩემის სახელით სპეკულირებას და ამ ფაქტებს პირადად შევახსენებ“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია, რომლის განცხადებით მიხელ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, იგივე ჟორიკა და ნიკა რურუას მეოხებით სამეგრელოს დამრბევებს და ყაჩაღებს ყველას დაურიგეს სამხედრო წოდებები, ხოლო ზვიად გამსახურდიას მომხრეები, რომლებიც ქვეყანას იცავდნენ, წოდების გარეშე დატოვეს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრის პირადი ინიციატივით, ზვიად გამსახურდიას დროინდელ გვარდიელებს ყველას უბრუნდებათ სამხედრო წოდება.
for.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს გიორგი გამსახურდიასთან.
„ზუსტად ვიცი რა შავი ფურცელია ჩვენ ისტორიაში ის, რომ ზვიად გამსახურდიას ვერ გაუფრთხილდით მთელი საქართველო. ასევე ზუსტად ვიცი, რომ ეს აღარასდროს განმეორდება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მუდმივად და მით უმეტეს როდესაც საქმე სამეგრელოს ეხება ცდილობს საკუთარი „მე“ საქართველოს პირველ პრეზიდენტთან გააიგივოს და პოლიტპატიმრის სტატუსით საუბრობს…
გიორგი გამსახურდია: თქვენ, როგორც მოქალაქე და ადამიანი ხომ მეთანხმებით, რომ ეს არის აბსოლუტურად ცა და დედამიწა. სააკაშვილისთვის პოლიტპატიმრობისა და გმირობის მიკერება არ გამოვა. როგორც უკვე ვთქვი,
პოლიტპატიმრებისა და დისიდენტების გარემოში გავიზარდე და ვიცი, პოლიტიკური პატიმარი რაც არის და ვიცი, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები რაც არის.
რასაკვირველია გეთანხმებით, მაგრამ როგორ ხსნით იმ ფაქტს, რომ სააკაშვილი ცდილობს საკუთარი თავი გააიგივოს ზვიად გამსახურდიასთან?
– მიშა სააკაშვილს იმდენი რამე აქვს ნაკადრები და თქვენ თუ ჩაუღრმავდებით 90-იანი წლების პუბლიკაციებს, თუ მის წინა პერიოდს – თვითონ მმართველობის პერიოდს, ყველაფერი აშკარაა. იგივე კონსტანტინე გამსახურდიას სახელის გადარქმევა, სანაპიროსთვის, სიტყვიერად, ზვიად გამსახურდიას სახელის დარქმევა, ეს მხოლოდ და მხოლოდ 2012 წლის მერე გახდა დე-იურე. იგივე მერაბის და ზვიადის სახელთან ქიშპობა… სააკაშვილს თავისი პრეზიდენტობის მიწურულს გაახსენდა, რომ თურემ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ეროვნული გმირები ყოფილან. ამითი, ცოტა გონებაჩამორჩენილ ადამიანებს, ე.წ. ვითომ ზვიადის მომხრეებს კოჭი გაუგორა. სინამდვილე რომ გითხრათ, „ნაცმოძრაობის“ ბანაკში ჩემი მეგობრებიც არიან, არ დავიწყებ ამ ადამიანების კონკრეტიზაციას, ვთვლი, რომ ისინი არასწორ ადგილას არიან. არ არის ეს ხალხი დასაკარგი და დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიის ნათელ მხარეს დადგებიან. მიშას დროს, იგივე ჟორიკა და ნიკა რურუას მეოხებით სამეგრელოს დამრბევებს, ამწიოკებლებს და ყაჩაღებს ყველას გაუკეთეს ომში მონაწილეობის საბუთი, დაურიგეს სამხედრო წოდებები და ზვიად გამსახურდიას მომხრეები, რომლებიც ქვეყანას იცავდნენ, ისე დატოვეს. მაგრამ, ირაკლი ღარიბაშვილის, ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრის პირადი ინიციატივით, ზვიად გამსახურდიას დროინდელ გვარდიელებს ყველას უბრუნდებათ სამხედრო წოდება.
ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, რატომ ცდილობს მიხეილ სააკაშვილი პარალელი გაავლოს პირველ პრეზიდენტან, ამით რის დამტკიცებას ცდილობს და რაზეა ეს გათვლილი?
– ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არის მოკლული თენგიზ გოგია – ზვიადის ერთგული მომხრე. ამას პირველად თქვენთან ვამბობ და ეს ბევრმა არ იცის – აკაკი ელიავას მკვლელები – მირიან გოჩაძე და შალვა ჯანაშვილი მიშას დროს დაწინაურდნენ. მირიან გოჩაძე სპეციალური ოპერაციების ცენტრის მეთაური გახდა, შემდეგ უკრაინაში ყაჩაღობაზე დააკავეს და იმედია ახლა სასჯელს იხდის. შალვა ჯანაშვილი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა აკაკი ელიავას ლიკვიდაციაში, შს მინისტრის მოადგილედ დაწინაურდა. მანდ უკვე ზვიად გამსახურდიას მომხრებთან ლაპარაკს თავი უნდა დაანებოს. თუნდაც მარტო ამ ფაქტების გათვალისწინებით.
ცოტნეს პატიმრობა იყო აბსოლუტურად შურისძიების აქტი, რადგან ცოტნემ შეძლო ზვიად გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენება. ჯერ ერთი, არჩადენილ დანაშაულზე ადამიანის გასამართლება და მეორე – თუ ანალოგიურ დანაშაულზე თავისიანებს საერთოდ გარეთ ტოვებდნენ და მართლმსაჯულებაზე საუბარი საერთოდ არ იყო, ცოტნეს მაქსიმალური მისცეს. მანდ უკვე დავამთავროთ საუბარი „ნაცმოძარაობის“ ზვიადის მომხრეობაზე.
რაც შეეხება თქვენს საქართველოში ჩამოსვლას და მით უმეტეს ზუგდიდში ყოფნის ფაქტს, ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ეს აღქმული იქნა ისე, რომ პირველი პრეზიდენტის შვილი ჩამოიყვანეს იმიტომ, რომ ზუდიდი წააგეს…
– როგორ გეკადრებათ. მე არავის არ ჩამოვუყვანივარ. შარშან, ისევე როგორც წელს, სპეციალურად არ ვისარგებლე კუთვნილი შვებულებით. ჩემი კუთვნილი შვებულება პირწმინდად მოვახმარე იმ საქმეს, რასაც ქართული საქმე ჰქვია – „ნაცმოძარაობას“ მინიმალური შანსი ჰქონდეს რაიმე სახით სადმე მობრუნების. არავის არ ჩამოუყვანივარ, აბსოლუტურად ჩემი ინიციატივით და ენთუზიაზმით ჩამოვედი. აი, ზუსტად იქ დავხვდები, სადაც დააპირებენ მამაჩემის სახელით სპეკულირებას და ამ ფაქტებს პირადად შევახსენებ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოსახლეობამ ჩვენზე კარგად იცის.
როგორ ფიქრობთ, როგორ არჩევანს გააკეთებს სამეგრელო და კერძოდ ზუგდიდი, რადგან მთავარი ყურადღება სწორდ ზუგდიდის მიმართულებით არის კონცენტრირებული, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
– დარწმუნებული ვარ, რომ მარცხს განიცდიან. რაც მარტო სამეგრელოში ჩაიდინეს… კასრების ვიდეო ნანახი არ გაქვთ?
სამწუხაროდ, ნანახი მაქვს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წამი…
– ჩემდა სამწუხაროდ, მე ვნახე და მერე უკვე ვეღარ გავძელი. რა ვიცი, ომების მეტი რა მინახია, რაც დავიბადე სულ ომში ვიყავი, მიცვალებულებთან მძინებია, დასახიჩრებული გვამები მინახია, უამრავი ომის სისასტიკე მინახია, ჩემს თავზე გამომიცდია და მონაწილეც ვარ, მაგრამ მსგავსი რამ არ მინახია. ის, რაც ვნახე, ეს ჩემთვის იყო სულის შემზარავი. ამას, რომ უყურებ, ე.ი. ფსიქიური პრობლმა გაქვს და ამას, რომ ჩადიხარ… არ ვიცი, ამას რა დავარქვა.
თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, მაგრამ თბილისის მერობის კანიდადატი ნიკა მელია, პარტიის ლიდერი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი ხაზგასმით საუბრობენ იმაზე, რომ 2 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა „ქართულ ოცნებას“ ანუ რუსეთს. ეს მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში რუსეთს მმართველობაში გადაეცა ენგურჰესი, მთელი სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ხელში აღმოჩნდა…
– აბსოლუტურად ყველაფერი, თუკი რამის დაკანონება შეიძლებოდა რუსებზე, „ნაცმოძრაობამ“ ყველაფერი დაუკანონა. მთელი ენერგოობიექტები, ეკონომიკური ობიექტები, ყველაფერი პირდაპირ მიჰყიდეს რუსეთს, ასე ვთქვათ გადასცეს! რა რუსეთზე ლაპარაკობენ, როდესაც „ნაცმოძრაობის“ მთელი პოლიტიკური ელიტა საქართველოს დსთ-ში შეთრევაზე ხელის მომწერები არიან, რასაც მოჰყავა საქართველოს პირველი ოკუპაცია, ამან გამოიწვია სამეგრელოში პრეზიდენტის მკვლელობა.
ამ წარსულის მქონე ადამიანები როგორ ლაპარაკობენ ანტირუსულობაზე, ან როგორ ახსენებენ ზვიად გამსახურდიას – ეს არის საკითხავი! რა ლოგიკით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული – „ქართული ოცნება“არც ერთ პროვოკაციაზე არ აყოლია რუსულ მხარეს, რომელიც გაასმაგებულად ხდება და თქვენ კიდევ ბევრი დეტალები არ იცით. აი, ამ ჯოჯოხეთში ინარჩუნებენ სტაბილურობას და სახელმწიფოებრიობას. ის ხელშესახები შედეგები რაც საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებით გვაქვს, ეს შედეგები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს დადგა. როგორ შეიძლება ეს პოლიტიკური ძალა ლაპარაკობდეს „ქართული ოცნების“ პრორუსულობაზე?!
„ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, მიუხედავად პერფორმანსებისა – თითქოს სააკაშვილის მდგომარება დამძიმდა და ა.შ. ვერ მოიპოვეს ევროპული მხარდაჭერა, არც აშშ ამბობს, რომ სააკაშვილი არის უკანონო და მით უმეტეს პოლიტპატიმარი. ბატონო გიორგი, როგორ ხსნით იმას, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე დარჩა?
– ევროპელი პოლიტიკოსები, თუ არ ჩავთვლით „იპიპის ხაზს“, რომელიც ცალსახად ასოცირებულია „ნაცმოძრაობასთან“ (მემორანდუმზე აქვთ ხელი მოწერილი და თუ ვინმე რამე კრიტიკულს იძახის, ეს არის „ევროპის სახალხო პარტია“, რადგან ეს მათი პარტიული ვალდებულებაა), არც ერთი განვითარებული ქვეყნის ხელისუფალი, პოლიტიკური ინსტებლიშმენტის წარმომადგენელი არ აღიქვამს ამ ძალას სერიოზულად. რევანშისტულ, მარგინალ და ძალმომრეობაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ კლასად აღიქვამენ. ამიტომ არ იგრძნობა ეს მხარდაჭერა.
გარკვეული სიმპათიები, რომელიც მიშას და მისი გუნდისადმი სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს აკავშირებს, ეს პირადული ურთიერთობიდან გამომდინარეობს. ახსოვთ კარგი გამასპინძლება, კარგი ცხოვრებისეული პირობების უზრუნველყოფა. თორემ არც ერთი ხელისუფალი და არც ერთი პოლიტიკური წონის ადამიანი ევროპაში, მათ მხარს არ უჭერს. ისინი მეგობრობენ საქართველოსთან და არ მეგობრობენ არც სააკაშვილთან და არც მის პოლიტიკურ პარტნიორებთან.
მათთვის მთავარი არის საქართველოს განვითარება. უყურებენ, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ეს მიღწევადია. მოგეხსენებათ, რომ ზუსტად ბაიდენის ადმინისტრაციამ უთხრა 2012 წელს უარი „ნაცმოძრაობას“. ერთ-ერთი მათი რეჟიმის მსხვრევის არქიტექტორთაგანი იყო აშშ-ის ადმინისტრაცია, რომელმაც უპირობა მხარდაჭერა გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს. ჩვენზე უკეთესად იცოდნენ და იციან რომელ გუნდს რა ძალუძს და რა შედეგზე შეუძლია გაიყვანოს ქვეყანა.
მიხეილ სააკაშვილს არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი, ძალიან ბევრ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად, განაჩენი არ არის დამდგარი. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მოხდა მისი დაკავება, სწორედ ღარიბაშვილის პრემიერობას უკავშირდება ერთ-ერთი ყველზე მძიმე დამნაშავის, მეგის ქარდავას ექსტრადირება საქართველოში. აქედან გამომდინარე, დღეს ოპოზიციური სპექტრი და არა მარტო „ნაცმოძრაობა“, ითხოვს პრემიერის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. არსებობს პრემიერის გადადგომის აუცილებლობა?
– ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე ვამაყობ ამით, მაგრამ ეს არ მალაპარაკებს. მე კონკრეტიკას მოვიყვან – ირაკლი არის ძლიერი ხელისუფალი, ძლიერი პოლიტიკური ალღოს მქონე ფიგურა, პროფესიონალი და ძალიან ბევრი რამე შემიძლია ამ ადამიანის გარშემო ვილაპარაკო. ძალიან ძლიერი ფიგურაა და თავისთავად ცხადია, რომ მათთვის ეს წინაღობაა. ირაკლი ღარიბაშვილის, ვახტანგ გომელაურის, გიორგი ლილუაშვილის – აი, ამ ადამიანების თანამდებობაზე ყოფნა მათთვის წინაღობაა. რატომ არ იღებდნენ ხმას, როდესაც გამოქლიავებული გიორგი კვირიკაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი?! იმიტომ, რომ აწყობდათ, ასეთი ტიპაჟი მათთვის მისაღები იყო.
ირაკლი არის ძლიერი პოლიტიკური ფიგურა. ამ ცხრა წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის წარმატებების თითქმის 80% ბატონი ბიძინას პოლიტიკიდან წასვლის მერე, უკავშირდება ზუსტად ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდს. ძლიერი და კარგი მენეჯერია! ძლიერი და კარგი პოლიტიკოსია! შესაბამისად, მათთვის ამ სამი ადამიანის სადავეებთან ყოფნა წინაღობაა და თავისთავად ცხადია, რომ ყოველთვის იქნებიან აგრესიის ობიექტები. აბა, დავნიშნოთ ქემოკლიძე, საბანაძე და ვიღაც ასეთი ფიგურები გახარიას რომ ჰყავს, კი ბატონო, ეგეთები აწყობთ. ძლიერი ხალხი ხელისუფლების სათავეში შენს ოპონენტს რანაირად უნდა მოეწონოს! ამიტომ, ყოველთვის იქნება ეს ჭორები, რომ მიდის, ხსნიან და ა.შ.
როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება ინფორმაცია, რომელიც ახლა ვრცელდება პრემიერის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით?
– ანუ, ერთი მხრივ თავიანთ ამომრჩეველს უჩენენ იმედს, რომ აი, ხომ ხედავთ, ვერ რიგდებიან, ორი თვის მოსულია და მიდის. მეორე მხრივ ჩვენს ამომრჩეველს უჩენენ ნიჰილიზმს, რომ აი, თვითონ ერთმანეთში ვერ ლაგდებიან და აბა, მანდ რა გინდათ! ამაზეა გათვლილი და ეს ძალიან კარგად იცის ნიკა გვარამიამ და მელაძემ. ჭორების აგორებაში ბადალი არ ჰყავთ. ბევრი აპოლიტიკური ადამიანი ვიცი, რომლებიც ერიდებიან მაგათ ეთერებს. ვის სიამოვნებს 24 საათი სულ დაძაბული ყოფნა. ეს რაღაც მაზოხიზმია. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მეხოტბე ტელევიზია არც ჩემში იწვევს დიდ სიმპათიებს, მაგრამ რატომ არ უნდა იყოს ნეიტრალული ტელევიზია, იგივე „იმედის“ აქტივობაც, სხვადასხვა საინფორმაციო რესურსების აქტივობა, რომ სიმართლე დადო მაგიდაზე! მერე ადამიანი გაარჩევს რა სიმართლეა და რა – არა.
ანუ, ვადამდელი არჩევნების აუცილებლობას ვერ ხედავთ?
– არა, რა ვადამდელი? 2024 წლამდე არანაირი არჩევნები არ იქნება. მაშინ ყოველთვის არჩევნები უნდა ჩაატარო, სანამ ესენი არ მოიგებენ. ვერ იგებს ეს ხალხი არჩევნებს, ის თავისი 27-დან 30%-მდე რასაც იღებენ მთლიანად, ყველანი ერთად აღებული, ისიც კლებაში მიდის. ძალიან ბევრი ნაციონალი მეგობარი მყავს და ზუსტად ვიცი, რომ ბევრმა ამ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა. ეს ისეთი ძალაა, რომ უკვე ნელ-ნელა ხალხი ეცლებათ. თან ადამიანებს რა დონეზე აქვთ ეს აგრესია განვითარებული…
ერთ ისტორიას მოგიყვებით – ერთ-ერთი ჩემი ახლობისგან მაქვს ინფორმაცია, რომელიც მთავარი პერსონაა, როდესაც მელიათი შეშინებული გახარია გადადგა, მითხრა, რომ გიორგი წამოსვლა მინდა, მაგრამ სად წავიდე აღარ ვიციო. ვკითხე, რატომ ჩამოგიყალიბდა ეს აზრი-თქო და მითრხა, რომ ესენი ავად არიანო. ღამე იჯდნენ და დასაჭერების სიას წერდნენო. ანუ, ადამიანები ვერ მიხვდნენ 2012 წელს ხალხმა რატომ უთხრა მათ უარი. გახარია გადადგა, იფიქრეს, რომ ჩვენ მოვდივართო, იჯდნენ და დასაჭერების სიას ადგენდნენ. ზუსტად ვიცი, რომ ასე იყო.
დაბოლოს, როდესაც ხდება ზვიად გამსახურდიასთან პარალელების გავლება, ფოტომასალებიდან კარგად ჩანს, როგორი გამოვიდნენ საპატიმროდან ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, მაგრამ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროს კუთვნილ მაღაზიაში 8 დღის განმავლობაში შეიძინა 7 ქილა თაფლი, რომელსაც, რასაკვირველია, ღებულობს, ეს მაშინ, როდესაც სულხან მოლაშვილს არ აძლევდნენ უფლებას, ენახა 2 წლის შვილი. მაშინ გამოძიება ამბობდა, რომ ამ პატარა ბავშვმა შესაძლოა გამოძიებაზე მოახდინოს გავლენაო…
– კი, ასე იყო. სულხანი და თორნიკე ჩემი ახლობლები არიან… შემაძრწუნებელი იყო ეს ისტორია. ჩვენმა ამომრჩეველმა ცოტა უნდა იაქტიუროს იმიტომ, რომ რეალურად, ოპოზიციამ თავიანთი ამომრჩევლის მობილიზაცია შეძლო. მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩეველს, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნება არ დაუშვას, რადგან ამას ექნება თავისი კონკრეტული შედეგები და ამ კონკრეტულ შედეგები ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობა იქნება.