ონლაინ თამაშების რეგულირების მიზნით ფინანსთა სამინისტრო საკუთარ ხედვას ერთ კვირაში წარადგენს, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერის ინიციატივა გულისხმობს სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების შემოტანასა და ონლაინ თამაშების მიმართ მიმზიდველობისა და ხელმისაწვდომობის შემცირებას.
„ეს გულისხმობს დასაბეგრი ბაზის სრულ ცვლილებას, როგორც რაოდენობრივ, ასევე სტრუქტურულ ჭრილში და წარმოდგენილი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული დაბეგვრის მოდელი, რაც პრემიერის მიერ გაჟღერებულ ინიციატივასთან იქნება შესაბამისობაში.
მეორე მხრივ, იქნება გარკვეული შეზღუდვები, რომელიც გულისხმობს ერთიანი ასაკობრივი ზღვრის შემოღებასა და რეკლამის აკრძალვას, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს, როგორც მიმზიდველობის, ასევე ხელმისაწვდომობის კუთხით გარკვეული შეზღუდვების დაწესებას. პრინციპში, ეს არის ის ჩარჩო, რომელიც არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული და მიღებული. ეს სექტორი პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში მკაცრად რეგულირების შესაძლებლობას იძლევა. ის სისტემები, რომლის დიდი ნაწილი ჩვენ უკვე ამ ეტაპისთვის პრაქტიკულად დავასრულეთ და აწყობილი გვაქვს, საშუალებას გვაძლევს, რომ რეგულირების ამ ახალ ეტაპზე გადავიდეთ“, – განაცხადა ხუციშვილმა.