“ელიავას ბაზრობის” ტერიტორიაზე სარეკრეაციო და გამწვანების ზონა უნდა მოეწყოს – ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველოს” ხელძღვანელი რადიო „კომერსანტთან” საუბრისას აცხადებს.
მამუკა სალუქვაძის თქმით, დღეს დედაქალაქში მწირი გამწვანებაა, გამწვანების ობიექტები თბილისში საშუალოდ ერთ ადამიანზე 4 კვადრატული მეტრია, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. სალუქვაძე ამბობს, რომ გენერალურ გეგმაში ჩაიდება მთელი რიგი ღონისძიებები, რათა შედეგად ეს მაჩვენებელი 10-11 კვადრატამდე გაიზარდოს. მისივე თქმით, დღეს ქალაქში განვითარება არა მხოლოდ მშენებლობის, არამედ გარემოსა და ეკოლოგიის გაუმჯობესების კუთხით უნდა მოხდეს.
„სითი ინსტიტუტ საქართველოს” ხელმძღვანელის ხედვაა, რომ თბილისის ყველა უბანში მოეწყოს მცირე ზომის პარკი. ცენტრალური პარკის ტერიტორიის განსაზღვრის საკითხი კი, მისი აზრით, რეფერენდუმის თემაა. თუმცა ამბობს, რომ გეოგრაფიულად ყველა სწორი ცენტრალური პარკისთვის მაინც მზიურის ტერიტორიაა.
მამუკა სალუქვაძის განმარტებით, გამწვანებულ ტერიტორიების დაცვასთან ერთად, აუცილებელია ახალი ტერიტორიების ათვისება, სერიოზულად მიდის მუშაობა და მერიასაც მოუწევს დათანხმება, რომ „ელიავას ბაზრობის” ტერიტორიაზე გამწვანებული ზონა მოეწყოს. „ბაზრობისთვის სხვა ტერიტორია უნდა მოიძიონ და ამაზე მოლაპარაკება კერძო მფლობელთან უნდა მოხდეს. დღეს ბაზრობის მიმდებარედ ცუდი მდგომარეობაა, საცობებია, სანიტარული ნორმები დარღვეულია”, – დასძენს სალუქვაძე.
იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის მიზნით სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მოქალაქეები თბილისში დიდი რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვენ.
www.comerssant.ge