უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ „რუსთავი 2″-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო – მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა.
ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის იურისტებს უზენაესი სასამართლოდან აცნობეს.
უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს განიხილავს.
დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, სხვა პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან.
დიდი პალატა საქმეს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით. საქმის განმხილველ შემადგენლობაში შედიან ამ საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლეები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი იმავდროულად დიდი პალატის წევრები.
დიდ პალატაში საქმის განხილვას თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე.
ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.