ქართული პოლიტიკური სივრცე შეიძლება ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეს. თუკი ექსპერტთა მოლოდინი გამართლდა, გამორიცხული არაა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს და მითი „ნაცების“ უძლეველობის შესახებ დაიმსხვრეს.
ამის თქმის საფუძველს ის მოცემულობა იძლევა, რომ დღესდღეობით „ნაცმოძრაობა“ რამდენიმე ბანაკადაა გაყოფილი. ერთ ბანაკს „ამაგრებს“ ნიკა მელია, თავისი მელიისტებით, ანუ შედარებით უფრო რაციონალური ფრთით; მეორე ბანაკი გადავსებული აქვთ ანტიმელიისტებს, ანუ აწყვეტილ, რადიკალ მიშისტებს; მესამე ბანაკი კი ვანო მერაბიშვილის ფრთაა. ვანოს გულზე არ ეხატება მელია, მაგრამ მას არც უპირისპირდება.
რამდენ ნაწილად შეიძლება დაიშალოს „ნაცმოძრაობა“, ამის თქმა უჭირს ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილს, მაგრამ იმაში კი დარწმუნებულია, რომ არამყარი ვითარებაა ამ პარტიაში. დავით ზარდიაშვილის განმარტებით, ისიც ფაქტია, რომ ამ მოძრაობაში დაჯგუფებებიც არსებობს და დაძაბულობაც, თუმცა არ იშლებიან, რადგან იციან, რომ ძალა ერთობაშია.
„ჯერჯერობით „ნაციონალები“ არამდგრად წონასწორობას ინარჩუნებენ. ასეთი „წონასწორობა“ დიდხანს არ გასტანს, რადგან დღის წესრიგი არ აქვთ და პოლიტიკაში სერიოზული ამოცანები არ აქვთ. აპირებენ იმას, რისი განხორციელებაც შეუძლებელია, სააკაშვილს ეგენი ვერ დაიხსნიან ციხიდან, ვერც ხელისუფლებას ვერ შეცვლიან, მით უმეტეს, ვერ შეცვლიან არაკონსტიტუციური გზით, რიგგარეშე არჩევნებით, დესტრუქციებით ამას ვერ მოახერხებენ“, – აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა for.ge-სთან საუბრისას და შეკითხვის საპასუხოდ, ე.წ. აწყვეტილ მიშისტებს რა გათვლა აქვთ, განმარტა, რომ არავინ იცის, მათ რა გათვლა აქვთ. უბრალოდ, საბოლოო ჯამში, ეგენი მუდმივად არიან განწირულ მდგომარეობაში, ანუ თან არიან და თან არ არიან.
დავით ზარდიაშვილის თქმით, რეალურ პოლიტიკაში „ნაციონალებს“ ადგილი არ აქვთ. არც პარლამენტში მათ ყოფნას არ აქვს აზრი, ეგენი იქნებიან თუ არა საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტი მაინც თავისი დღის წესრიგით მოქმედებს, არავითარი გავლენა მათ რეალურ მმართველობით გადაწყვეტილებაზე არ აქვთ, პოლიტიკის განსაზღვრაზეც არავითარი გავლენა არ აქვთ. ამიტომ მათ აქვთ რეალობას მოწყვეტილი მიზნები, ისეთი მიზნები, რითაც, ფაქტობრივად, ხალხს ატყუებენ. ტყუილია, რომ სააკაშვილი გამოვა ციხიდან ან რიგგარეშე არჩევნებს მიაღწევენ. ამასობაში კარგავენ მოსახლეობაში რეალურ გავლენას.
„პოლიტიკისგან ადამიანები ელიან გარკვეულ შედეგს, რამდენი ხანი შეიძლება მელიას უყურო? მით უმეტეს, რამდენი ხანი შეიძლება სააკაშვილს უყურო? სააკაშვილმა ერთხელ უკვე იმღერა სასამართლო პროცესზე, მეორედ იმღერა და მესამედ აღარ უყურებ, უბრალოდ. ეს ხომ არ არის პოლიტიკა, რასაც სააკაშვილი ცდილობს, სასამართლო პროცესზე სცენები დადგას. ვინც ამას პოლიტიკას ეძახის, ის გასასინჯია, თაკო ჩარკვიანი კიდევ საიდან გამოჩნდება ხოლმე დებოშის ასატეხად, გაუგებარია. ეს რა ჟანრია, შეიძლება გროტესკად წარმოუდგენია ვითარება“, – გვითხრა დავით ზარდიაშვილმა.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ეჭვობს „ნაცმოძრაობა“ სამ ნაწილად გაიყოს, რადგან მესამე ნაწილს, ე.წ. მერაბიშვილის მომხრეებს არავითარი პერსპექტივა პოლიტიკურ ასპარეზზე არ აქვთ.
„სამომავლოდ „ნაცმოძრაობა“ შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს. რეალურად, ესენი არიან მელიას მომხრეები, ანუ შედარებით არარადიკალები, და მელიას მოწინააღმდეგეები, რომლებიც რადიკალური ქმედებების მომხრენი არიან. შეიძლება მოხდეს მათი დიფერენცირება, მაგრამ არა სამ ნაწილად. თუმცა ამ ეტაპზე ასეთ გაყოფას არ ველოდები. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით „ნაცმოძრაობას“ გაყოფა არ ემუქრება“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას.