საბურთალოზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
სახლის მეპატრონე, დავით იობაძე მომხდარ მკვლელობის საქმეზე კომენტარს “რუსთავი2”-თან აკეთებს.
სახლის მეპატრონე, სადაც სამართალდამცავებმა მამაკაცის დანაწევრებული გვამი იპოვეს, ჩხუბის ფაქტს ვერ იხსენებს, თუმცა დავით იობაძე არ გამორიცხავს, რომ მისმა მეგობრებმა მის კუთვნილ ბინაში მაშინ იჩხუბეს, როდესაც ის სახლში არ იმყოფებოდა.
იობაძე ამბობს, რომ მას ცხედრის ამოღების ფაქტი არ უნახავს.
სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს, 1987 წელს დაბადებული ო.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1963 წელს დაბადებული დ.წ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით თბილისში აიყვანეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – 1976 წელს დაბადებულ გ.მ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი რამდენიმე საათის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ო.ა.-მ ცხედარი თავისი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე სათავსოში დამალა.
ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.