გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საპატრულო პოლიციის მოდერნიზაცია იგეგმება.
“პარლამენტში ჩემი შარშანდელი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კრიმინალური პოლიციის მოდერნიზაციისა და განვითარების გეგმებს. ამ გეგმებიდან დიდი ნაწილი უკვე შესრულების პროცესშია.
სისტემის მოდერნიზაციისა და პოლიციის გაძლიერების პროცესი ჩვენ დავიწყეთ შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შექმნით, რომელიც პოლიციის ცენტრალიზებულ ტექნოლოგიურ ჰაბს წარმოადგენს. ამით შსს-ში იქმნება 21-ე საუკუნის პოლიცია. მსგავსი მაღალტექნოლოგიური ცენტრი მსოფლიოში სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას აქვს და იგი დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის საქმეში ყველაზე თანამედროვე მიდგომაა.
ეს ნოვაცია საშუალებას მოგვცემს, რეალურ დროში მოხდეს დანაშაულზე სწრაფი რეაგირება და მისი პრევენცია, მოსახლეობაში გაზრდის უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხს, ამაღლდება პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა და გამოძიების ხარისხი. ჩვენ ველით, რომ ამ ცენტრის შექმნის შემდეგ, ქვეყანაში დანაშაული მნიშვნელოვნად შემცირდება. ამასთან, აღნიშნული სისტემა გზებზე სატრანსპორტო რეგულაციის, ავტოსაგზაო დარღვევებსა და შემთხვევებზე დროულად რეაგირების საშუალებას იძლევა.
ცენტრი ამჟამად რამდენიმე პროექტზე მუშაობს, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია პროექტი – „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“, რაც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის სისტემის შექმნას და საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენებას გულისხმობს.
პოლიციასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმებიდან, რომელიც პარლამენტს გასულ წელს წარვუდგინე, მნიშვნელოვანი იყო ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის პროექტი, რომელიც დღეს, საპილოტე რეჟიმში, უკვე ხორციელდება. ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ შევქმენით სრულიად ახალი პროგრამა e-Police, რომლის თანახმადაც, საპოლიციო საქმის წარმოება მთლიანად ელექტრონულ ფორმატში გადადის და შესაბამისი ანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, რისკებს წინასწარ განსაზღვრავს”-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.