ბერლინში NATO-ს გენერალური მდივნისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრაზე ლიდერებმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და ევროპაში შეცვლილ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შთამბეჭდავი უწოდა ზელენსკის დღევანდელ გამოსვლას გერმანიის პარლამენტში და აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინის გვერდით დგას. მან ასევე მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ NATO ამ ომში სამხედრო ჩართულობას არ აპირებს.
“გენერალურო მდივანო, იანვარში აქ, ბერლინში თქვენი ბოლო ვიზიტის, ჩვენ ორივეს ჯერ კიდევ გვქონდა იმედი, რომ შევძლებდით თავიდან აგვეცილებინა რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე. სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ თქვა უარი რუსეთის პრეზიდენტმა კონფლიქტის მოგვარების ყველანაირ მშვიდობიან გზაზე და მიმართა ძალადობას, შეუტია მეზობელს და სასტიკი ომი დაიწყო.
პუტინს ყოველდღიურად საშინელი ტანჯვა და სიკვდილი მოაქვს უკრაინელი ხალხისთვის. ის ასევე ზიანს აყენებს საკუთარ ხალხს. ძალიან გვაწუხებს უკრაინელების ბედი. დღეს დილით უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა გერმანიის პარლამენტში. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. ჩვენ გვაწუხებს იმ ახალგაზრდა რუსების ბედიც, რომლებიც მათმა ლიდერებმა მეზობლების წინააღმდეგ უაზრო ომში გაგზავნეს.
რუსეთში ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათ სიკვდილსა თუ დაშავებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ პრეზიდენტ პუტინს ეკისრება. ჩვენ მამაცი უკრაინელების გვერდით ვართ, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით, ისევე როგორც იარაღით, და გერმანია გააგრძელებს ამ მხარდაჭერას, თუმცა ერთი რამ მკაფიოდ უნდა ითქვას: ნატო არ ჩაერთვება ამ ომში სამხედრო გზით. ჩვენი განხილვის საგანი ასევე არის ის გავლენა, რაც ამ ომს NATO-ზე ექნება. ალიანსი უნდა გაძლიერდეს ყველა მოკავშირის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,”– აცხადებს ოლაფ შოლცი.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი ოლაფ შოლცს NATO-ს გაძლიერებაში გერმანიის მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
“პრეზიდენტ პუტინის ომმა უკრაინის წინააღმდეგ შეარყია მშვიდობა და შოკი მოჰგვარა მსოფლიოს. ჩვენ პატივს მივაგებთ მამაც უკრაინელ ხალხს და შეიარაღებულ ძალებს. მათი გამბედაობა და თავდადება შთაგონება ჩვენთვის ყველასთვის.
ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, დაიცვან საკუთარი თავდაცვის უფლება რაც გაეროს ქარტითაა განსაზღვრული. მინდა პატივისცემა გამოვხატო გერმანიის მიმართ უკრაინის მხარდაჭერის გამო – სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული კუთხით. თქვენ უკვე შემოუშვით 120 ათასზე მეტი ლტოლვილი თქვენს ქვეყანაში. ეს აჩვენებს გერმანიის გულუხვობასა და სოლიდარობას.
NATO-ს აქვს პასუხისმგებლობა აიცილოს ამ კონფლიქტის უფრო ფართო ესკალაცია. ეს უფრო საშიში იქნება. ეს გამოიწვევს მეტ ტანჯვას, სიკვდილს და ნგრევას. ეს პრეზიდენტი პუტინის ომია. მან უნდა შეწყვიტოს ეს ომი. გაიყვანოს ძალები და ჩაერთოს დიპლომატიაში კეთილსინდისიერად. მივესალმები თქვენს პერსონალურ ძალისხმევას კანცლერო შოლც დიპლომატიური გზების პოვნაში.
მათ შორის თქვენს პირდაპირ კავშირს პრეზიდენტ პუტინთან. ის დიდი ფასს იხდის. მკაცრი სანქციები აზიანებს მის ომის მანქანას. მადლობას ვუხდი გერმანიას მნიშვნელოვანი როლის გამო საერთაშორისო სანქციების გაძლიერებაში. გერმანია ასევე აძლიერებს ნატოს ყველა მოკავშირის დაცვას მეტი სამხედროთი ლიეტუვაში, საბრძოლო თვითმფრინავებით რუმინეტში და გემების პატრულირებით. ეს არის NATO-ს სწრაფი, გადამწყვეტი და ერთიანი პასუხის ნაწილი ფუნდამენტურად შეცვლილ უსაფრთხოების გარემოზე ,”– აცხადებს იენს სტოლტენბერგი.