საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის (Riigikogu) ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰანეს ჰანსოს უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ლევან იზორიას განცხადებით, ქართული მხარე წვევამდელთა სისტემას ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების მიხედვით დანერგავს.
„განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებით შევეხეთ წვევამდელთა სისტემას. უნდა ვთქვა, რომ ესტონეთში ეს სისტემა დიდი ხანია მუშაობს და კიდევ ერთხელ მოვისმინე ძალიან კარგი არგუმენტები თუ რატომ არის საჭირო წვევამდელთა სისტემის არსებობა ისეთი მცირე ერებისთვის, როგორიც საქართველო და ესტონეთია. ჩვენ იანვრის ბოლოს ესტონეთში ვიზიტს ვგეგმავთ, რათა ადგილზე გავეცნოთ ამ სისტემის მუშაობას; მაქსიმალური გამოცდილების გაზიარებით ნატოს წევრი ქვეყნებისა დავნერგოთ ჩვენთანაც, სწორედ, ამ სტანდარტებით წვევამდელთა სისტემა“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში სამხედრო სავალდებულო სამსახური გააუქმეს, თუმცა შემდეგ აღადგინეს, რადგან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საქმეში მონაწილეობის მიღება თითოეული მოქალაქის ვალია. ჰანეს ჰანსო ქართულ მხარეს აღნიშნული საკითხის წარმატებით განხორციელების საქმეში მხარდაჭერას დაჰპირდა.
„ჩვენმა კოლეგებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში სავალდებულო სამხედრო სამსახური რამდენიმე წლის წინ გააუქმეს. თუმცა, ასევე, საქართველოს მეგობარმა ქვეყანამ – ლიტვამ აღადგინა სავალდებულო სამსახური. შვედეთიც აპირებს აღადგინოს ჯარში გაწვევა. ნორვეგიამაც აღადგინა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა. ფინეთს კი არასდროს გაუუქმებია ჯარში გაწვევა. ვფიქრობ, ესტონეთმა და ფინეთმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ არასდროს გაუუქმებიათ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა. ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საქმეში მონაწილეობის მიღება. თუ თქვენ კვლავ აღადგენთ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას, ჩვენ დაგეხმარებით, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს“, – აღნიშნა ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ლევან იზორიამ ესტონელ სტუმარს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერისათვის. შეხვედრაზე საუბარი, ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საკითხებს. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სამხედრო განათლების სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ. თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა სამხედრო აკადემიებს შორის ურთიერთობა; მან სურვილი გამოთქვა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლოს ესტონელ სამხედრო ინსტრუქტორებს, რომლებიც ქართულ მხარეს მაგისტრის პროგრამის ჩამოყალიბებაში დაეხმარებიან. მხარეებმა, ასევე, აღნიშნეს სამხედრო წვრთნებში ქართველი და ესტონელი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობა.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი, ესტონეთის თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი კულდარ კესკულა და დელეგაციის სხვა წევრებიც დაესწრნენ.
საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჰანნეს ჰანსო თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის გახსნას დაესწრო, ასევე, შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების 17 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ცერემონიალზე იმყოფებოდა.
ჰანნეს ჰანსოს 2015-2016 წლებში ესტონეთის თავდაცვის მინისტრის პოზიცია ეკავა. 2016 წლის 24 ნოემბრიდან ის ესტონეთის პარლამენტში განაგრძობს მუშაობას.