“ცენტრ-პოინტისგან” დაზარალებული მოქალაქეები, საქალაქო სასამართლოსთან აქციას ატარებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი სასამართლოსგან მოითხოვენ საქმეს, რომელიც სასამართლოშია შეტანილი, მსვლელობა მიეცეს და დროულად მოხდეს მისი განხილვა, რათა „ცენტრ-პოინტის“ მფლობელებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროს.
აქციის მონაწილეები პარლამენტის რამდენიმე დეპუტატს ”ცენტრ პოინტის” მფარველობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათი მფარველობის შედეგად სასამართლო ჭიანურდება და ჯერ კიდევ არ ხდება საქმის განხილვა. „ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ვიაროთ პროკურატურაში, სასამართლოში, პარლამენტის წევრებთან და მოვითხოვოთ, რომ დამნაშავეებმა აგონ პასუხი, თაღლითმა ვახტანგ და მაია რჩეულიშვილებმა . გარკვეული დეპუტატები ამ თაღლითებს მფარველობენ და მათი დამსახურებაცაა ის, რომ დღემდე სამართალს ვეძებთ. სასამართლოში საქმე შეტანილია, მაგრამ მოსამართლე ბუგიანიშვილმა ორი დღის წინ თქვა, რომ ამ საქმეს არ განიხილავს და არ აიღო ეს საქმე. ჩვენ მოვითხოვთ, სასამართლოსგან, რომ დროულად მოხდეს ამ საქმის განხილვა, რათა რჩეულიშვილებს დაეკისროთ შესაბამისი პასუხისმგებლობა, ხოლო ჩვენ მივიღოთ ასევე ჩვენი კუთვნილი ბინები ან თანხა, რაც გადახდილი გვაქვს და ჩვენი შვილები არ იყვნენ ისევ ქუჩაში“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.