თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ზაქი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემები თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები იყო.
ლევან იზორიამ სტამბოლში მომხდარი აფეთქებების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა. მან თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, მთავრობასა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
თავდაცვის მინისტრმა რეგიონულ ფორმატში თურქეთთან ორმხრივი, ასევე საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. „თურქეთი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა აქტიურად იყო ჩართული საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროცესში. თურქეთი ამ მიმართულებით დღესაც აქტიურობს. ჩვენ მოვამზადეთ შეიარაღებული ძალების განვითარების გეგმა, რომელშიც თურქეთსაც აქვს მონაწილეობისა და საკუთარი წვლილის შეტანის სურვილი. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის განმტკიცების საკითხი, რომელიც თავდაცვის სფეროში საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს. აზერბაიჯანში ვიზიტისას შევხვდები ქვეყნის პირველ პირებს; განხილვის ერთ-ერთი თემა სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის კიდევ უფრო გაძლიერება იქნება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის, ასევე უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესისთვის სამხედრო განათლებისა და თავდაცვის სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარების კუთხით თურქეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრას თურქეთის თავდაცვის ატაშეს მოვალეობის შემსრულებელი მაიორი მერთ ოზოვერი დაესწრო.