წაიყვანოს მიშამ პარტია ადგილობრივ არჩევნებზე. შეარჩიოს სახეები, თუ უნდა ბლანჟეიანი, თუ უნდა უბლანჟეო, თუ უნდა პეროანი, თუ უნდა უპეროო, – ამის შესახებ შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, შოთა უტიაშვილი სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით ბოლო დროს არსებულ უთანხმოებაზე წერს:
“ორივე მხრიდან გინებაში შეჯიბრი არაფერს მოიტანს, იმის გარდა, რომ ორივე მხარეს დიდი ხნით დააზიანებს. რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება ლანძღვა, მით მეტი იქნება ზიანი.
პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მომხრეები ამტკიცებენ, რომ რაკი პარტიისთვის ხმები მიშას მოაქვს, პარტიასაც მან უნდა უხელმძღვანელოს. ჩემი აზრით, ეს პრინციპი სწორია, ვისიცაა ხმები, ის უნდა იყოს ლიდერიც.
საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ ნახევარი მილიონი ხმა აიღო. იმის გარკვევა, ამ ხმებიდან რამდენი იყო მიშას დამსახურება და რამდენი ახალი სახეების, შეუძლებელია.
რამდენიმე თვეში ადგილობრივი არჩევნები მოდის. წაიყვანოს მიშამ პარტია ადგილობრივ არჩევნებზე. შეარჩიოს სახეები, თუ უნდა ბლანჟეიანი, თუ უნდა უბლანჟეო, თუ უნდა პეროანი, თუ უნდა უპეროო, უზრუნველყოს ისინი ყველა საჭირო რესურსით, დაგეგმოს კამპანია, აიღოს და დაიცვას ხმები ისე, როგორც თვითონ უნდა. მეორე მხარემ ამ არჩევნებში აიღოს დროებითი პაუზა.
და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ზუსტად გვეცოდინება ვის რამდენი ხმა აქვს და შესაბამისად, ვინ უნდა უხელმძღვანელოს ენმ-ს მომავალში”,- წერს უტიაშვილი.