საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფართო სპექტრს. კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებში. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო; კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ მიმდინარე და სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად საკითხზე“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.