აშშ-ის მომავალი დახმარება უკრაინისადმი, ასევე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საერთაშორისო რეპუტაცია პირდაპირ დამოკიდებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის წარმატებულობაზე. ამის შესახებ Politico ანონიმურ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროები მიიჩნევენ, რომ თუ უკრაინის კონტრშეტევა საკმარისად წარმატებული არ იქნება ან სულაც კრახით დასრულდება, მაშინ უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სავარაუდოდ ამოიწურება და კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მოწოდებები სულ უფრო ხმამაღლა გაჟღერდება.
კერძოდ, გამოცემის წყაროები ვარაუდობენ, რომ კონგრესმა შესაძლოა მხარი არ დაუჭიროს უკრაინისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფას მას შემდეგ, რაც მიმდინარე ტრანში ამოიწურება.
ამასთან, ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინის კონტრშეტევის წარმატების შემთხვევაში, დასავლეთის მხარდაჭერა შესაძლოა გაიზარდოს.